
„რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს", - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული პუბლიკაცია საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდის დროს მოქალაქეებისთვის გასათვალისწინებელ ინფორმაციასაც მოიცავს.
EMC-ის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია ინტენსიურად აჩერებს და ამოწმებს მოქალაქეებს ქუჩაში. ამ დროისთვის უცნობია, ტარდება თუ არა შემოწმება სპეციალური საპოლიციო კონტროლის ე.წ. რეიდის ფარგლებში, რასაც მინისტრის სპეციალური ბრძანების გამოცემა სჭირდება.
გთავაზობთ, EMC-ის რეკომენდაციებს საპოლიციო რეიდთან დაკავშირებით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს წერილობითი განკანგულება სპეციალური საპოლიციო კონტროლის ე.წ. რეიდის განხორციელების თაობაზე. რეიდი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.
სპეციალური საპოლიციო კონტროლის/რეიდის დროს გაითვალისეწინეთ, რომ:
- რეიდის დროს ხდება პირის ზედაპირული შემოწმება და ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება;
- ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას;
- ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - მისი საბარგულის ვიზუალური დათვალიერებაც იგულისხმება;
- სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეო-გადამღები ტექნიკით, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ვიდეოგადაღება", - წერს EMC.
გაეცანით პუბლიკაციას ვრცლად: