
„თბილისსა და ზუგდიდში ავამოქმედეთ სკოლის შემდგომი განათლების ახალი და სრულიად უნიკალური ცენტრი, რომელიც უგამოცდოდ, უფასოდ და მეტიც, 150 ლარის ოდენობის სტიპენდიით, გამარტივებული წესით, ხელს შეუწყობს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს ეხმიანება საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს - იმ დიდ საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც წამოვიწყეთ და რომელიც ამბიციური და საეტაპო მნიშვნელობის გეგმაა. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების და წარმატების გარანტია. სწორედ განათლებაში ინვესტიცია არის ყველაზე სწორი ინვესტიცია, როგორც ქვეყნის, ისე თითოეული პირის მომავალსა და წარმატებაში. ჩვენ ვიცით, რა რთულ გარემოში უწევთ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანებს განათლების მიღება, ხოლო მასწავლებლებსა და პედაგოგებს განათლების გადაცემა, განსაკუთრებით გალსა და ახალგორის რაიონში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.