
დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ პუტინთან შეხვედრამდე კიმ ჩენ ინის სკამს დაცვის წევრი სადენზიფექციო სითხით წმენდს.
ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კიმ ჩენ ინი შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ვლადივასტოკში პირადი მატარებლით ჩავიდა.
რუსეთის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე შეხვედრა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება და საუბრის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის „ბირთვული პრობლემა“ იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მარცხით დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი მხარდაჭერის მიღებას რუსეთისგან შეეცდება.
კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდება. ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, ზუსტად სად და როდის შედგება სამიტი. თუმცა, ვლადივასტოკში ჩრდილო კორეისა და რუსეთის დროშები უკვე გამოფენილია. კიმ ჩენ ინს კი სადგურში სიმბოლურად, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი რუსი ქალები დახვდნენ.