Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გომელაური: 2018 წელს საქართველოდან სირიასა და ერაყში არც ერთი მოქალაქე არ წასულა

03 მაისი, 2019 14:22

პარლამენტში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს უსმენენ. 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას გომელაურმა განაცხადა, რომ შარშან სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

გომელაურის თქმით, გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-მდე კი ისევ იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. ამასთან, სუს-ის უფროსის განცხადებით, საქართველოში 2018 წელს ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე დაიწყო გამოძიება.

„ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, მის საქმიანობაში მონაწილეობისა და დახმარებისათვის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გავლენა იქონია საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრების ტენდენციაზე“, - განაცხადა სუს-ის უფროსმა.

გომელაურის თქმით, ზოგადად „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები საქართველოში 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ხოლო ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს განიცდიან.

სუს-ის მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობაც. თუმცა, ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეული გამოწვევები რჩება.

„აღსანიშნავია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა. დოკუმენტი შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით.

სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შექმნის პროცესში გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აქტიურად ვთანამშრომლობდით სტრატეგიულ პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^