
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, სოციალური ინსტიტუტებისა და გენდერული ინდექსის 2019 წლის ევრაზიის შესახებ რეგიონული ანგარიში წარადგინა.
ანგარიში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ანალიზს, მის ხარისხსა და ტიპებს მოიცავს. ინდექსი აფასებს კანონმდებლობას, სოციალურ ნორმებსა და არსებულ პრაქტიკას ქალებისა და კაცების უთანასწორობის გამოსავლენად. ანგარიში ყურადრებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა უფლებები ოჯახში, ოჯახში ძალადობა, ფინანსურ აქტივებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა სამოქალაქო უფლებები.
სოციალური ინსტიტუტებისა და გენდერული ინდექსის (SIGI) 2019 წლის რეგიონული ანგარიშის მიხედვით, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, ღრმად ფესვგადგმული სოციალური ნორმებისა და პრაქტიკის წყალობით ევრაზიაში მცხოვრები ქალების მიმართ დისკრიმინაცია მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ოჯახში გრძელდება.
ანგარიში 12 ქვეყანას აზერბაიჯანს, ბელარუსს, თურქმენეთს, მოლდოვის რესპუბლიკას, მონღოლეთს, საქართველოს, სომხეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, უკრაინას, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს.
SIGI-ს შედეგები აჩვენებს, რომ ევრაზიაში სოციალურ ინსტიტუტებში დისკრიმინაციის ზოგადი დონე 24%-ია, 21%-დან მერყეობს აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო 27%-მდეა კავკასიაში. მსოფლიო დონეზე ეს მონაცემი 29%-ია.
ანგარიშის მიხედვით, ევრაზიის ქვეყნებში არასასურველ ორსულობასთან მიმართებით რეპროდუქციული ავტონომიის უფლებები განსაკუთრებით არის დაცული: აბორტი მოთხოვნის შემთხვევაში თორმეტივე ქვეყანაში კანონიერია: "თუმცა ფართოდ გავრცელებული საკანონმდებლო დისკრიმინაცია კვლავაც ძირს უთხრის ქალების უფლებების დაცვის მცდელობებს. სექსუალური შევიწროება, ოჯახში ძალადობა და გაუპატიურება მეუღლის მხრიდან არ არის კრიმინალიზებული მაშინ, როცა ქალების 17% განიცდის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას სქესობრივი პარტნიორების მხრიდან, სულ მცირე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც. მოლდოვაში ეს მაჩვენებელი 46%-ს აღწევს".
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება ღრმად გამჯდარი სოციალური ნორმები. მაგალითად, კავკასიაში გოგონების დაბადების ნაკლებმა სურვილმა შედეგად სქესთა შორის ბალანსის საგანგაშო დარღვევა გამოიღო: აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში 0-4 წლის ასაკის ბავშვებში 170,000 გოგონა არ დაიბადა.
ანგარიშის მიხედვით, ცვლილების მიღწევა ყველაზე რთული ოჯახშია. რეგიონულ დონეზე მოსახლეობის 16% ფიქრობს, რომ ქალებმა არ უნდა იმუშაონ ოჯახის გარეთ რაიმე ანაზღაურების მიღების მიზნით.
უფრო მეტიც, ანგარიშში განხილული 12 ქვეყნიდან ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შვიდ ქვეყანაში გაიცემა, მაგრამ კაცებს არ სურთ მათი კუთვნილი დეკრეტული შვებულებებით სარგებლობა. სომხეთში კაცების 87% აცხადებს, რომ ისინი არ აიღებდნენ დეკრეტულ შვებულებას ბავშვის დაბადების შემდეგ, ხოლო 48% ამბობს, რომ მათ არ დასჭირდებოდათ ამგვარი შვებულება, რადგან ბავშვს მეუღლეები მოუვლიდნენ. აღნიშნულის შედეგად ქალები კვლავაც გაორმაგებული პასუხისმგებლობით შრომობენ, ანუ თითქმის მთელ საოჯახო სამუშაოს ასრულებენ და, გარდა ამისა, ოჯახის გარეთაც შრომობენ.
SIGI-ს მიხედვით, გენდერული დისკრიმინაცია ევრაზიაში რეგიონულ დონეზე იწვევს ინვესტიციათა 8%-ის დაკარგვას, ქალების განათლების წლების საშუალო მაჩვენებელს 16%-ით ამცირებს, ხოლო შრომის ბაზარზე მათ მონაწილეობას - 12%-ით. შედეგად 2017 წელს დისკრიმინაციის არსებულმა დონემ ევრაზიაში რეგიონული შემოსავალი 7.5%-ით შეამცირა, ანუ დაიკარგა 39 მილიარდი აშშ დოლარი. თუ 2030 წლისთვის სოციალურ ინსტიტუტებში მიღწეული იქნება გენდერული თანასწორობა, ეს გამოიწვევდა ევრაზიაში რეგიონული მშპ-ის ყოველწლიურად 0.4%-იან ზრდას, რაც წარმოადგენს 2 961 აშშ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე.
სოციალური ინსტიტუტებისა და გენდერული ინდექსის (SIGI) 2019 წლის რეგიონული ანგარიში ევრაზიის შესახებ მთავრობებს აძლევს რეკომენდაციას, პროგრესის დაჩქარების მიზნით სამი მიმართულება გააძლიერონ:
► მიანიჭონ პრიორიტეტული მნიშვნელობა საკანონმდებლო რეფორმებსა და გენდერულად სენსიტიურ პოლიტიკას დარჩენილი დისკრიმინაციული კანონების და კანონებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით.
► თემის მობილიზების გზით ხელი შეუწყონ სოციალურ ტრანსფორმაციას ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლის და გენდერული როლების შეცვლის მიზნით, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ქალების ლიდერობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და ოჯახში მზრუნველობის პასუხისმგებლობის უთანასწორო განაწილებას. გარდა ამისა, დროა მოხდეს მამაკაცურობის ცნების გადაფასებაც.
► გააუმჯობესონ მონაცემთა შეგროვება და პროგრესის მონიტორინგი გენდერული უთანასწორობის ხელშემწყობი ფაქტორების გათვითცნობიერების მიზნით. საჭიროა ანალიტიკური უნარების განვითარებაში ინვესტირება ეროვნულ დონეზე იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს პოლიტიკის შეფასება ქალების და მამაკაცების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ ლელი ბლაგონრავოვა