
ხმაურია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ, სადაც გაერთიანებული საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე განცხადება შეაქვთ საკრებულოში.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, შენობაში მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი შეუშვეს, შემდეგ კი პოლიციამ კარი ჩაკეტა .
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" დანაშაულშია მხილებული და არსებობს ამის ამსახველი კადრებიც, ამის მიუხედავად ის არ დაკითხულა.
„აბსურდის თეატრია, მაქვს ყველანაირი უფლება, რომ შევიდე. მაგრამ დღეს ჩვენ რატომ მოვედით?- ამ შენობაში მუშაობს ადამიანი გვარად გიორგი დანელია, რომელიც არის აღჭურვილი გეგმით, რომ დააშინოს ადამიანები, დაემუქროს და ეს ყველაფერი თუ არ იმუშავებს, გაიტაცოს ყველა ეს კერძო პირი, რომ საარჩევნო უბნებთან ვერ მივიდეს. ეს ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ იყოს დაკავებული ან უფლებამოსილება შეუწყდეს, კვლავ არის დეპუტატად ამ შენობაში. მოვისმინეთ? თუ დავინახეთ, რასაც ეს ადამიანი საუბრობდა.
ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერი, რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც მომართულია, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს," - უთხრა „რუსთავი 2-ს“ ნიკა მელიამ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალიტეტის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ბესიკ ჭეჟია აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ხელოვნურად ამწვავებენ სიტუაციას, რადგან იციან, რომ მათ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს.
„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. ხალხს მიეცეს საშუალება, თავისუფლად გამოავლინოს ნება ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, მაგრამ შეიძლება, ვიღაცები ფიქრობენ, რომ შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში და ცდილობენ ესკალაციას რაღაც პროცესებისა, რომელიც არ წაადგება ქალაქს. ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ოპოზიციას და პოზიციას და ყველა ვალდებულია, დაიცვას ის თამაშის წესები, რაც არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“ - განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ბესიკ ჭეჟიამ.
ფოტო: livepress