Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ითვალისწინებს აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი

23 მაისი, 2019 17:25

2019 წლის 22 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (Georgia Support Act) დაამტკიცა.

წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა წარუდგინეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზადყოფნის დასტურია. უწყების ინფორმაციით, კანონპროექტს ამ ეტაპზე 23 თანასპონსორი ჰყავს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიებიდან.

„ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტით, კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებსაც ეხება.

აქტში საუბარია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტის მიხედვით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

„კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.

კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ამ კანონპროექტით, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების ინიციატივით გამოდის.

„კერძოდ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ამ მიმართულებით, მომავალი ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს.

კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხვა, შესაბამისი კომიტეტების დამტკიცების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე იქნება განხილული და მასზე დამტკიცების შემთხვევაში სენატს გადაეგზავნება.

აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების შემთხვევაში კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის შემდგომაც აქტი კანონის ძალას შეიძენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^