ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. თავდაპირველად ერთი ცვლა - 150 მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. კომპანიის შენობის ადმინისტრაციიდან მაღაროელებმა ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ პროტესტს.
გუშინ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეებიც შეურთნენ. მათ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან
მაღაროელები ხელფასის მომატებას (50%-იან ზრდას), კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ.
გაფიცვიდან მეორე დღეს მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ კომპანია იმ დღესვე დაიწყებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.
ამის შემდეგ მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაფიცულები ამბობენ, კომპანიის შეთავაზება იყო ხელფასების 10 -15%-იანი ზრდა, ისიც ეტაპობრივად და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. ამ პირობას მაღაროელები არ დასთანხმდნენ.
ამის შემდეგ 15 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი მე-10 დღეა შიშილობენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ცნობით, „დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“.
„შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.