
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადას კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივებს. 6-თვიანი გადავადების საკითხი მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ მეტი გადავადება აღარ მოუწევთ, რადგან პორტის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რაზეც თითოეული ამ ეტაპის გადავადება ზემოქმედებას ახდენს.
„ყველაზე რთული იქნება კომერციული რისკების მთავრობის მიერ დაზღვევა, ამაზე სამმხრივ შეხვედრაზეც იყო საუბარი და ჩვენ ვთხოვეთ საფინანსო ინსტიტუტებს, რომ სხვა შესაძლო ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, მათ შორის ამ მხრივ განიხილება ევროკავშირის შესაძლო დახმარება.
ეს ბუნებრივი განაწილებაა, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის, კერძო სექტორი იღებს თავის რისკებს, სახელმწიფო ეხმარება ყველა დანარჩენში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.
ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, მაგრამ მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხდა.
გუშინ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს, დაასრულოს ანაკლიის პორტის პროექტი.
„მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს [ანაკლიის] პორტის პროექტს. პროექტი თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას გააძლიერებს და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეოს განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ მთავრობა დათანხმდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თხოვნას, რომ გაუხანგრძლივდეს კონსორციუმს ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად გათვალისწინებული ვადა.