Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შეწყდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი"

11 ივლისი, 2019 9:49

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყების თარიღად 17 ივლისი დაასახელა. თუმცა, ვიდრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა 50 კანდიდატთან გასაუბრებისთვის ემზადება, მათი კოლეგები, საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, არსებითი დარღვევების გამო მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სასწრაფოდ შეწყვეტას მოითხოვენ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 2019 წლის 11 მაისს დაიწყო. ოფიციალურად რეგისტრირებულ 137 მსურველს შორის პირველ ეტაპზე შეირჩა 50 კანდიდატი. ამჯერად უკვე, პირადი საქმეების შესწავლისა და გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა გამოავლინოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნოს 20 ღირსეული კანდიდატი, რომლებიც, კანონმდებელთა მხარდაჭერის შემთხვევაში, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას უვადოდ მოირგებენ.

ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ვალია, მოსამართლეებად შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატები,, რასაც მიმდინარე პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები ეჭვქვეშ აყენებს. მისი შეფასებით, იუსტიციის საბჭოს მიერ პირველ ეტაპზე შერჩეულ 50 კანდიდატს შორის რამდენიმე მათგანი უსამართლოდ მოხვდა. 

კერძოდ, იუსტიციის საბჭოს წევრმა თამარ ონიანმა მონაწილეობა მიიღო მისი მაზლის - ზურაბ აზნაურაშვილის შერჩევის პროცესში, მაშინ როცა, ინტერესთა კონფლიქტის გამო, თვითაცილების ვალდებულება ეკისრებოდა. ასევე, დარღვევით მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია მისი ცოლისძმის - ლევან თევზაძის შერჩევის პროცესში. მისივე შეფასებით, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპის დარღვევითაა კანდიდატთა შორის იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძეც. მიქაუტაძე თანამდებობრივად საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობასაც ითავსებს, რომელ ორგანოსაც მოსამართლეობის კანდიდატებზე (მათ შორის მიქაუტაძეზე) ინფორმაციის შეგროვება ევალება. ამის გამო მას უფლებამოსილება უნდა შეეჩერებინა, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

ბიულეტენების ანალიზის შედეგად, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი საეჭვო დამთხვევად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 მსურველთა სიიდან იუსტიციის საბჭოს სამმა წევრმა ერთსა და იმავე ოც კანდიდატს დაუჭირა მხარი.

პროცესის გამჭირვალობის კუთხით, ნაზი ჯანეზაშვილს ჩავარდნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭომ უარი განაცხადა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ, რასაც ლეგიტიმურად მოითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ამოქმედებული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. რაც შეეხება კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურას, იგი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით დაზუსტდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, კანდიდატი შეიძლება იყოს მოქმედი მოსამართლე, ყოფილი მოსამართლე და სამართლის დარგის კვალიფიციური სპეციალისტი. ახალი ნორმით განისაზღვრა პრინციპი, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პარლამენტისთვის წარსადგენად კანდიდატი არჩეული იქნება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^