Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის" ახალი ხედვა და სარედაქციო ჯგუფი

06 აგვისტო, 2019 18:56

ახალი ხედვა

დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა „ლიბერალის“ განახლებულ სარედაქციო ჯგუფში ჩართვა. „ლიბერალი“, როგორც საჯარო პლატფორმა, სოციალური სივრცე და სანდო მედიაწყარო, უკვე 10 წელია წარმატებით მუშაობს. წლების განმავლობაში ეს პლატფორმა თავს უყრის განსხვავებულ, საინტერესო მოაზროვნეებს, მწერლებსა და ბლოგერებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ პროცესებზე. ხშირად ქმნიან კიდეც ამ პროცესებს.

ჩვენ, როგორც „ლიბერალში“ „ახალმოსულებმა“, გვინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატოთ წინა სარედაქციო გუნდების მიმართ. წლების განმავლობაში მაღალპროფესიული, მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მათ შეძლეს საზოგადოების ნდობის მოპოვება. 

აღსანიშნავია „ლიბერალის“ მნიშვნელობა სოციალური საკითხებისა და უმცირესობების პრობლემატიკის საჯარო დღის წესრიგში წარმოჩენისას. „ლიბერალი“ ყოველთვის გამოირჩეოდა გენდერული თემების, შრომითი ურთიერთობის საკითხების, განათლების სისტემის, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და უმცირესობების პრობლემების თანმიმდევრული გაშუქებით. „ლიბერალის“ ახალი სარედაქციო გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას იმავე ინტენსიურობითა და გულისხმიერებით განვაგრძობთ.

ამავე დროს, მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ვხედავთ ბევრ დაბრკოლებას, რომელთა გადალახვაც ახალ გუნდთან ერთად გვსურს, და ვხედავთ შესაძლებლობასაც, რომელსაც გუნდის ახალ წევრებთან ერთად ხორცს შევასხამთ.

თვალსაჩინოა პოლიტიკური კრიზისი. მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობა მრავალგზის დაკარგეს. პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც მეინსტრიმმედია აშუქებს, კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოების პოლარიზებას. ამავდროულად, თითქმის არ განიხილავს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც მოქალაქეთა უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა. საზოგადოების ამგვარი პოლიტიზების გამო: 

  1. პოლიტიკური დღის წესრიგი მოკლებულია კონკრეტულ ხედვას, სოციალური პრობლემატიკის, ეკონომიკური კრიზისის თუ სხვა მრავალი გამოწვევის საპასუხოდ. 
  2. ადამიანური - პოლიტიკური თუ ინტელექტუალური - რესურსი გადანაწილებულია პოლიტიკური პოზიციონირების მიხედვით და ამიტომაც უჭირს ქმედით პოლიტიკურ ძალად გარდაქმნა. 

კრიზისის თვალსაჩინოებასთან ერთად, ვფიქრობთ, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევაც გარდაუვალია. საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ პრობლემეთან გამკლავებაა. კონკრეტული სოციალური საკითხების თანმიმდევრული გაშუქებით გვსურს წვლილი შევიტანოთ მედიის განვითარებაში, რომ დღის წესრიგში არსებული პრობლემატიკა პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. მეორე მხრივ, ღია, კრიტიკული ანალიზითა და პოლიტიკური მიუკერძოებლობით, გვსურს გავაჩინოთ დიალოგის სივრცე სოციალურად გამიჯნულ ჯგუფებს შორის - ერთიანი სააზროვნო და საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით წარმოვადგინოთ განსხვავებული სოციალური თუ პოლიტიკური პოზიციონირების მქონე მოაზროვნეები, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეალიზების პოტენციალი და გაძლიერდეს ქმედითი, კრიტიკული დისკურსი.

ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებლად მიგვაჩნია ფინანსური დამოუკიდებლობა, ისევე როგორც ჩვენი პლატფორმის პოპულარობა, რისთვისაც განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ვებგვერდზე ვმუშაობთ და შემოდგომის ბოლოს წარმოგიდგენთ განახლებულ პლატფორმას. მანამდე კი, სარედაქციო ჯგუფის გაზრდასთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას! 

სარედაქციო გუნდი

შორენა შავერდაშვილი
გამომცემელი, მთავარი რედაქტორი

2002 წელს დაამთავრა თავთსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
2004 წელს, მეგობრებთან თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, 2009 წლიდან კი - „ლიბერალი“. სხვადასხვა დროს იყო მედიაკლუბის („კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაცია), საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს წევრი; 
2010-2013 წლებში აქტიურად იყო ჩართული მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესებში;
2013 წლიდან არის გამომცემლობა და სტამბა „სეზანის“ გენერალური მენეჯერი;
2019 წლიდან დაუბრუნდა „ლიბერალის“ რედაქციას და ახალ სარედაქციო ჯგუფთან ერთად აგრძელებს მის განვითარებაზე ზრუნვას; ფიქრობს, რომ მედიასივრცეში ყველაზე დეფიციტური კვლავ მიუკერძოებელი და საღი აზრია, რომელიც არ უფრთხის არც პოლიტიკური და არც საზოგადოებრივი დამოკიდებულებების დიქტატს.

ლიზა ჟვანია
აღმასრულებელი რედაქტორი

2016 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტები;
2019 წელს დააფუძნა „თანამედროვე ხელოვნების სივრცე - მაუდი“;
მუშაობს კულტურის ორგანიზებასა და პოლიტიკურ ადვოკატირებაზე, როგორც ორგანიზატორი, ხელოვანი, კურატორი, რედაქტორი („ინვენტარი და პროცესები - პერსპექტივები განვითარებისთვის“, „თბილისის არქიტექტურული ბიენალე 2018“) - ინიციატორი და მონაწილე.
კულტურასთან ერთად, აინტერესებს სოციალურ-ინტელექტუალური პროცესები, სხვადასხვა ადამიანური რესურსის გამოვლენა და გააქტიურება.
ხანდახან ბავშვებს აწავლის ფიზიკას. უყვარს მდინარეები, ჩანჩქერები და შავი ზღვა.

ბესარიონ (ბუსა) ჟვანია
პოლიტიკა, ბიზნესის განვითარება

დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და ისტორიის ფაკულტეტები;
იმუშავა ტელეკომპანია „იმედის“ ფინანსურ განყოფილებაში ანალიტიკოსად;
აქვს პოლიტიკური პროცესების საღი და სიღრმისეული ხედვა, აინტერესებს სარეკლამო ბაზარი, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და მედიის, როგორც ბიზნესის განვითარება.

გიორგი ცინცაძე
რედაქტორი - გარემო და ეკოლოგია, სოციალური საკითხები

გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის მაგისტრი: 2013-17 წლებში კორნელის უნივერსიტეტში გარემოს მეცნიერებებს სწავლობდა და კლიმატის ცვლილების სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობდა.
სტუდენტობისას იკვლევდა და, სხვადასხვა გამოცემებისთვის, წერდა ეკოლოგიასა და პოლიტიკაზე.
2017-19 წლებში სწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც ლექტორ-ასისტენტი, ასწავლიდა ორ კურსს, მუშაობდა რამდენიმე ადგილობრივ გამოცემაში და გაიფიცა ერთხელ.
აინტერესებს ყველაფერი, გარდა ფინანსებისა და თვლის, რომ წინადადება ზმნით უნდა მთავრდებოდეს.

ნუცა დევიძე
სოციალური მედიამენეჯერი

2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მუშაობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ჟურნალისტად.
2014-2016 წლებში სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მულტიმედიურ ჟურნალისტიკასა და მედიამენეჯმენტში;
სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა „მედიის განვითარების ფონდში“ პროექტის დირექტორად, „Aliq Media“-ში - ჟურნალისტად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში - მედიამონიტორად; 
2018 წლიდან მუშაობს „ლიბერალში“ სოციალური მედიის მენეჯერად.

გუგა ვარდიაშვილი
განათლება, მეცნიერება

მეცნიერების მაგისტრი ფიზიკაში. 2012-2017 წლებში სკიდმორის და დარტმუთის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკას და ელექტროინჟინერიას.
2017-2019 წლებში ფიზიკის მაგისტრი გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტში.
სამეცნიერო დისციპლინების სწავლის პარალელურად, დაკავებული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობით, მუშაობდა ლექტორ-ასისტენტად უნივერსიტეტში, მასწავლებლად სკოლაში, გიდად მეცნიერების მუზეუმში. საქართველოში დაბრუნებულმა მუშაობა განაგრძო საგანმანათლებლო სფეროში;
შექმნა „კომპიუტერული აზროვნების კურსი“ და თავადვე ასწავლის „ათასწლეულის სკოლაში“.
არის ფიზიკის მასწავლებელი ამერიკულ აკადემიაში. 
ფიქრობს, რომ პრობლემებისგან თავის დაღწევის გზები უმეტეს შემთხვევაში განათლების მეშვეობით უნდა ვეძებოთ. უყვარს ჭადრაკი, ფიქრი სამყაროზე და სჯერა, რომ „ღვინოშია ჭეშმარიტება“.

მზიკო ლაპიაშვილი
განათლება, ჯანმრთელობითი განათლების საკითხები

სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე. განსაკუთრებით იტაცებდა პოლიტიკური ფილოსოფია და უცხოური ენები. პარალელურად, იყო სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის წევრი - მათ შორის, ჰარვარდის ლიდერ ქალთა გაერთიანების საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მონაწილეობას იღებდა პირველი მულტიმედიური პუბლიკაციის შექმნის პროცესში და, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, Peer Health Exchange-ის სახელით ასწავლიდა ბოსტონის საჯარო სკოლებში (ჯანმრთელობითი განათლებით სწორედ ამ დროს დაინტერესდა). პირველი სამსახურიც უნივერსიტეტს უკავშირდება - ისტორიული ქალთა კოლეჯის რებრენდინგი და Kings Colleges London. 

მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის არაერთ პროექტში; 2012 წელს წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ლონდონში. უკვე 10 წელია მუშაობს სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით და სიხარულით მონაწილეობს სხვადასხვა ქართული ბრენდის შექმნის პროცესში. ასევე ინგლისურიდან თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას. 

გატაცებულია ტაი-ჩით და სუდოკუთი, განსაკუთრებით უყვარს მცენარეებთან და ცხოველებთან ურთიერთობა.

ლევან ხერხეულიძე
ფოტორედაქტორი

1994 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსისტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
2002 წლიდან მუშაობდა ფოტოგრაფად სხვადასხვა მედიაგამოცემაში.
2002-2005 წლებში - გაზეთში “24 საათი”.
2005–2008 წლებში - ჟურნალში “ცხელი შოკოლადი”.
2009 წლიდან დღემდე “ლიბერალის” ფოტორედაქტორია.

ფოტოგრაფიისადმი დამოკიდებულება: "ხილულზე მეტის დანახვას თუ არ ესწრაფვი, ვერაფერს დაინახავ" - რუთ ბერნჰარდი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^