Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ვასაძის პასუხი „თედოს ჩივილზე"

20 აგვისტო, 2019 16:55

ლევან ვასაძე ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს, რომელსაც მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს, ვიდეომიმართვით პასუხობს.  
„ლიბერალმა" ექსკლუზიურად გამოაქვეყნა თედ ჯონასის წერილი და აქვე გთავაზობთ ლევან ვასაძის გამოხმაურებასაც. მისი თქმით, ეს არის „თედოს ჩივილზე“ მისი იძულებითი, საკადრისი პასუხი. 

იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

ვასაძე ამბობს, რომ ფსევდოიურიდიულ „აბდაუბდებზე“ პასუხის გაცემას არ აპირებს და ჯონასს იმ პერიოდს ახსენებს, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

„შენ არ იყავი, ბიჭო, სააკაშვილის პერიოდში მისი მრჩეველი რომ ყოფილხარ, და მართლა თუ ძალადობა, მუქარა და უფლებების შეზღუდვა გაწუხებდა, როგორ არაფერი მოგხვდა თვალში მთელი იმ წლების განმავლობაში, ერთი კრინტი როგორ არ გაგვიგია შენი ამდენი ადამიანის გაუბედურებისას?

თუ ბიზნესიურისტი იყავი და არა სისხლის სამართლის, მაშინ, შე კაი კაცო, ამდენი ქონების და საქმის გამოხვრა-გაპარტახებისას ერთი არაფერი მოგხვედრია თვალში იმ ხალხის მხრიდან, ვისი მრჩეველიც იყავი თურმე? და ახლა როგორაა, სისხლის სამართლის იურისტი გახდი, თედოჯან? თუ შენ ფეხზე გკიდია ქართველი ხალხი და მხოლოდ მამათმავლობის და ამაზე ფულის მკეთებელი არასამთავრობო ჭინკების ინტერესები გადარდებს? ეგ არ არის დისკრიმინაცია?“

ვასაძის თქმით, მან თვალი გადაავლო ჯონასის საქმიანობას და „კარგის ძებნაში“ აღმოაჩინა, რომ ძაღლების თავშესაფარს ეხმარებოდა: „ძალიან გამიხარდა, მათ შორის იმიტომაც, რომ რვა ძაღლი მყავს და, შენ წარმოიდგინე, ჩვენი კომპანია ოკუპანტ რუსეთშიც კი ძაღლების რამდენიმე თავშესაფარს ეხმარება. რა გამოდის, თედო, რომ მე ძაღლებსაც კი არ ვყოფ ქვეყნების მიხედვით და შენ ქართველებს ჰყოფ სექსუალური დეზორიენტაციის მიხედვით? 330 ათასი გაწამებული ქართველი არ გეცოდება? 9940 გაწეწილ-დანგრეული მეწარმე და საქმოსანი არ შეგცოდებია და მაინცადამაინც მამათმავლებზე ფულის მოჩალიჩე სოროსელები გეცოდება, თედ?“

ვასაძის შეფასებით, თედ ჯონასის ეს საჩივარი დავალებაა, რომელიც გლობალისტი პარტნიორებისგან მიიღო იმ ინტერვიუს პასუხად, რომელიც მან გაზეთ „ასავალ-დასავალს“ მისცა და სადაც საუბრობს, თუ რა კავშირში იყო ერთმანეთთან ეგრეთ წოდებული „ფრაიდი“, დეპუტატ გავრილოვის პროვოკაცია და სახელმწიფო გადატრიალების ვერშემდგარი მცდელობა. 

სხვაგვარად ვასაძე ვერ ხსნის, როგორ შეიძლება: „სამართალთან შორიახლოს მდგომ კაცს გაინტერესებდეს ჩემი ეგრეთ წოდებული შეიარაღებული ფორმირებები და არ გაინტერესებდეს მთელი ქვეყნის თვალწინ ტელევიზიით ნაჩვენები უეცრად დაძრობილი ხელკეტების და აღმოჩენილი მოლოტოვის კოქტეილების საწყობები, აგერ მეზობელი ქვეყნებიდან დაქირავებული „ბოევიკების“ მიერ მოწყობილი ქაოსი და სისხლის ღვრა“.

ვასაძე ჯონასის „ამორჩევითი უფლებადამცველობით მოტივებზე მსჯელობისას“ ფულსა და ანგარების მოტივებსაც ასახელებს, ასევე არ გამორიცხავს კორუფციულ გარიგებებში მის თანამონაწილეობასაც. 

„როგორც კორპორატიულ იურისტს, ფულისა და ანგარების მოტივები ხომ არ გამოძრავებს, რაც გაუგონარი საქმე არ არის შენს პროფესიაში. ასე მაგალითად, გასული ივნისის მოვლენების შემდეგ, მორიგ „ოქროს წვიმას“ ხომ არ ელოდები ჭინკების არასამთავრობო სექტორის მიმართ, ჟორჟიკა სოროს ბინადრისაგან? პაწია ტაშტის შეყუდება ხომ არ გინდა შენც მოასწრო და ამიტომ ხომ არ ირჯები, თედო? მაშინ, ისე არ მოგივიდეს, მაგ ტაშტში რამე სხვა შეაგროვო. თუ მთლად ჭაკად გაქვს საქმე და კორუფციულ გარიგებებში გაქვს დინგი გასვრილი სხვადასხვა ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტში? მაგალითად, ანაკლიის პორტში, რომლის გარშემო კორუფციული ნიშნების სკანდალის გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი სამსახურიდან იქნენ გაგდებული? მაგიტომ ხომ არ ფაფხურობ, რომ წინასწარ თადარიგი დაიჭირო და უფლებადამცველის მანტია მოირგო იმისგან თავის დასაცავად, რაც შეიძლება ამის გამო შენ დაგემართოს“. 

ლევან ვასაძე თედ ჯონასს აშშ-ში მოქმედი უმკაცრესი კანონის შესახებ ახსენებს. „უცხოური კორუფციული პრაქტიკების აქტი“ უმოწყალოდ სჯის იმ ამერიკელებს, რომლებიც უცხოეთში გარეულნი არიან ნებისმიერი სახის კორუფციულ საქმიანობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჯონასი ამერიკის მოქალაქეცაა, „ხომ არ ეშინია, სამშობლოში ციხეში მოხვედრის უცხოურ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისთვის?“

თავად ვასაძე ამბობს, რომ მას ციხეში მოხვედრის არ ეშინია და ეს ფაქტი ერთდროულად ახარებს და აცინებს კიდეც:

„მახარებს იმიტომ, რომ ოჯახით მომდგამს სამშობლოსთვის თავგანწირვა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივად ვთვლი ამ ტრადიციის გაგრძელებას. მერწმუნე, მე მარტო არ ვარ და ასეთი ამ ქვეყანაში უამრავი ხალხია. ეს ყოველივე მაცინებს იმიტომ, რომ შენ და შენიანებმა ისე შეაჩვიეთ ჩვენი ერი ციხის საფრთხეს, რომ აწი სისულელეა თქვენი მხრიდან ჩვენზე ეს გაუთავებელი ციხით მუქარა. თუ მე ჩემი სამშობლო, ჩემი თუნდაც ჯერ კიდევ უსამართლო და ლიბერალური სახელმწიფო უსამართლოდვე დამსჯის და დამაპატიმრებს ჩვენს ეროვნულ სარწმუნოებრივ ტრადიციაზე გამოსარჩლებისთვის, მე არათუ არ მეშინია, არამედ გამეხარდება კიდეც“.

ვასაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯონასის ქმედებების მოტივაციის საფუძველი მისთვის ნათელი გახდა, თანამემამულეებსა და თავის თანამებრძოლებს მიმართა თხოვნით, დაეწყოთ საჭირო მასალების მომზადება და მოძიება: „მაგრამ მერე შემრცხვა კიდეც ამისიც, თედო, იმიტომ რომ, არ მინდა შენს დონემდე დავეცე და საერთოდ ჩივილი არ მიმაჩნია ღირსეული კაცის საქმედ“, - ამბობს ვასაძე თავის ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^