Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

23 აგვისტო, 2019 14:27

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა ჯერაც ვერ ხერხდება. 

ამ დრომდე აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მათი უმრავლესობა სამხედრო ბაზის სამეცნიერო პერსონალის წევრები იყვნენ. 

აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილის გარშემო მდებარე ოთხი სენსორი, რომელიც ფონურ რადიაციას ზომავს, მწყობრიდან გამოვიდა. სევეროდვინსკის ადმინისტრაციამ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტია, აფეთქებიდან რამდენიმე საათში რადიაციის დონის მოკლევადიანი მატების შესახებ ცნობა გაავრცელა, თუმცა მათი განცხადება მალევე გაუჩინარდა. 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ექიმებს აფეთქების შედეგად დაზარალებული პაციენტების მკურნალობისას რადიაციასთან  დაკავშირებული რისკები დაუმალეს, რეგიონის საავადმყოფოებში კი სამედიცინო ისტორიის წარმოება შეწყდა. 

მოსკოვში შემთხვევას ჯერ დუმილით შეხვდნენ, შემდეგ კი, როცა აფეთქების შესახებ ინფორმაციის დამალვა შეუძლებელი გახდა, ამის შესახებ მოკლე განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი რადიაცია დასაშვებს არ აჭარბებს და რომ რეგიონის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

აფეთქებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიც. პრეზიდენტ ტრამპის განცხადების მიხედვით, შემთხვევა ახალ რუსულ ბალისტიკურ რაკეტას, “ბურევესტნიკს” უკავშირდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ იარაღზე არხანგელსკის საიდუმლო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ხოლო აფეთქება მისი ბირთვული ძრავის გამოცდის დროს მოხდა. 

ეს ვერსია მოსკოვის რეაქციას სამხედრო ტექნოლოგიების გაუმჟღავნებლობის მოტივით ხსნის. მონაცემები ატმოსფეროში გაფრქვეული რადიოაქტიური ნაწილაკების შესახებ, შესაძლოა, გასაიდუმლოებული ბალისტიკური რაკეტის მახასიათებლებზე მიუთითებდეს. 

ბირთვული განიარაღებისა და გაუვრცელებლობის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გეოგრაფიულ მოდელში, რომელიც აფეთქების შედეგად ატმოსფეროში მოხვედრილი რადიოაქტიური ნაწილაკების გავრცელების სავარაუდო ფართობს განსაზღვრავს, კავკასიაც მოხვდა. მოდელის მიხედვით რადიოაქტიური ნარჩენების ნაწილს სამხრეთით გადაადგილება და კავკასიონის გადალახვა შეეძლო.

რადიოაქტიური ნაწილაკების გავრცელების სავარაუდო არეალი. 

მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ არხანგელსკში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოში რადიოაქტიური ნაწილაკების საფრთხისშემცველი რაოდენობა არ მოხვედრილა. არსებული სადგურების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფონური რადიაციის ზრდა არ გამოვლენილა. 

ამას ადასტურებენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოშიც. მედიასთან საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, რომ არხანგელსკი საქართველოსგან იმდენად შორსაა, რომ “გავლენა ამ ინციდენტს საქართველოზე არ ჰქონია.” სააგენტოს ინფორმაციით ფონური რადიაციის მატება არ დაფიქსირებულა არც ნორვეგიასა ან უკრაინაში, რაც საქართველოში რადიოაქტიური ნაწილაკების მოხევდრის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^