Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგისთვის ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელის მომზადებაში უცხოელი იურისტებიც ჩაერთვებიან

06 სექტემბერი, 2019 15:07

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინტერესების დასაცავად მათი ქართველი და უცხოელი ადვოკატები მართლმსაჯულების შიდა ინსტანციებში ბრძოლის პარალელურად, სარჩელების აღძვრას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც აპირებენ.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს უკვე დაგროვდა საკმარისი მასალები, რომლითაც შეუძლიათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ადვოკატირების სტრატეგიის სწორედ ჩამოსაყალიბებლად ჩაერთნენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელთა დაცვაში კიდევ ორი ავტორიტეტული იურისტი: ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი და საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი სტივენ ქეი და ფრანგი ადვოკატი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი - ვინსენტ ბერგერი.

„საქმე რომელიც მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გაცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. პროკურატურამ უკვე რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა ბრიტანეთს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამავდროულად დაგროვდა უკვე საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, ამიტომ საქმეში ჩაერთო ორი საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური და აღიარებული ადვოკატი" აცხადებს კორძაძე.

სისიხლის სამართლის საქმის პარალელურად შესაძლოა ადვოკატებმა სტრასბურგში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნონ. ზვიად კორძაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელთა საჩივარი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გადაყენების კანონიერებას შეეხებოდა, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, თითქოსდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან და ის აკრძალვა, რომ ვერანაირი დაფინანსება მას და მისი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მიეღოთ, არ ლახავს მათ უფლებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საბოლოო იქნება. იმედი არ მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში რამე შეიცვლება. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან და არამარტო ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

სტივენ ქეის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების, ასევე მასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების განცხადებების გაცნობის შედეგად ჩამოუყალიბდა შთაბეჭდილება, რომ საქმე აქვთ პოლიტიკურ დევნასთან. ადვოკატის შეფასებით, უჩვეულო ვითარებაა, როდესაც 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია, რომელიც სათანადო აუდიტს შემოწმებას დაექვემდებარა და თან ხანდაზმულიცაა, გამოძიების საგანი ხდება.

„ეს საქმე უჩვეულოა იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში ამ პირების წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის წარმოება არ აღძრულა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორებს ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს ტრანზაქცია არ იყო ფარული ხასიათის. მის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, ცნობილი იყო საერთაშორისო აუდიტორი კომპანიისთვის. .. საკმაოდ უჩვეულო იყო მათ წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება.

ადვოკატის განცხადებით, როდესაც ოფიციალურ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებს გაეცნო, შეექმნა განცდა, რომ მათ საკმაოდ დეტალური ცოდნა გააჩნიათ ამ საქმის თაობაზე. „ნამდვილად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს არ არის კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისი. საჭიროა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, ეს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მიერ განხილვის საგანი,“ - განაცხადა სტივენ ქეიმ.

ადვოკატ ვინსენტ ბერგერის განცხადებით, მისი როლი იქნება „თიბისი ბანკის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებების სამართლებრივი შეფასება. მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან 2008 წლის ფაქტის გახსენებით, ჩნდება გარკვეული ეჭვები, რაც ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისათვის საინტერესოდ ხდის. „ეს საქმე იმსახურებს სტრასბურგის ყურადღებას“ - მიიჩნევს ფრანგი ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^