Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობოთა კოალიცია: მოსამართლეთა ამ სიის დამტკიცება ჩიხში შეიყვანს მართლმსაჯულების შექმნის პერსპექტივას

16 სექტემბერი, 2019 19:20

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების შესახებ დისკუსია ვიდრე პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებდეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კანდიდატების შერჩევის ოთხ თვიან პროცესის კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ პარლამენტისადმი წარდგენილი 20 კაციანი სიის საბოლოოდ დამტკიცებით გაიზრდება ხელისუფლებისა და გავლენიანი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გაძლიერების რისკი, რაც საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს ქვეყანაში ღირსეული მართლმსაჯულების შექმნის პერსპექტივას.

განცხადებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ის კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებიც სახელდება,  რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა სიის საბოლოო ფორმირებაზე. საქმე ეხება  პროცედურაში იუსტიციის საბჭოს ორი მოსამართლე წევრს - თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას მონაწილეობას, რომელთაც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, ჰქონდათ ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან - ზურაბ აზნაურაშვილთან (თამარ ონიანის მაზლი) და ლევან თევზაძესთან (ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა) მიმართებაში. ამიტომ ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ კანდიდატთა შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს თვითაცილების საკითხი დაეყენებინათ, რაც არ გაუკეთებიათ. (შეგახსენებთ,რომ მოგვიანებით კანდიდატთა სიიდან საკუთარი ინიციატივით გამოეთიშა ლევან თევზაძე, რომელმაც მიზეზად საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრის მხრიდან „მიზანმიმართული დისკრედიტაციის“ მცდელობა დაასახელა. მისი თქმით, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან მისი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა http://liberali.ge/news/view/46093/iustitsiis-umaghlesi-sabcho-sherchevis-shemdeg-etapze-gadasul-kandidatta-sias-aqveynebs).

კოალიცია უსამართლოდ მიიჩნევს პროცესში ზაზა ხარებავას მონაწილეობასაც, რომელიც მათი ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას, პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პირდაპირი საფუძველია.

„საბჭოს ამ სამი წევრის კონკურსს ჩამოშორებით, მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ ძალაუფლება სისტემაში არსებულ გავლენიან მოსამართლეებს და შესაძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება ერთგვარი კონსესუსით მომხდარიყო, მათ შორის, საბჭოში კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლეების მონაწილეობით, რაც საბოლოოდ ამცირებდა სიის იმგვარად ფორმირების შანსებს, როგორც ეს 4 სექტემბერს მოხდა“, აღნიშნულია განცხადებაში.

მართალია იუსტიციის საბჭოს მდივანი და იმავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია გიორგი მიქაუტაძე გასაუბრების სხდომებს არ თავმჯდომარეობდა, თუმცა კოალიცია მიიჩნევს, რომ იგი მაინც ინარჩუნებდა ბერკეტს, გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა შერჩევის პროცესზე, ვინაიდან ხელმძღვანელობდა იუსტიციის საბჭოს აპარატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებაზე უფლებამოსილი სტრუქტურულ ერთეული.

კოალიციას შეკითხვები აქვთ საბჭოს იმ  წევრებთან, რომლებიც არ დაინტერესებულან ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის წარმომავლობით: „შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად შალვა თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტში 1993-1998 წლებში სწავლობდა, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა და იმავე წელს მიიღო საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის უფლება. საკითხით, თუ როგორ მოახერხა შალვა თადუმაძემ 1993 წელს სასწავლებელში ჩარიცხვა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა, არ დაინტერესებულა სიღრმისეულად საბჭო, დიპლომის შესახებ დაისვა მხოლოდ ერთი კითხვა, ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის მიერ“.

მთელ ამ პროცესში, რასაც არასამთავრობოების ნათელ წერტილად მოიხსენიებენ, პროცესის გამჭირვალობის უზრუნველყოფაა. მათი შეფასებით, გასაუბრების პირდაპირმა ტრანსლირებამ  ფართო საზოგადოებას ნათლად დაანახა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაცია, როგორც მოქმედ მოსამართლეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპეტენცია და მათი კეთილსინდისიერება.

განცხადებაში, სასამართლო სისტემის კორპორატივიზმისა და ჩაკეტილობის ერთ-ერთ ინდიკატორად მოხსენიებულია ის ფაქტი, რომ თავად კონკურსი არ იყო წარმომადგენლობითი იურიდიული პროფესიების მონაწილეობის თვალსაზრისით. ადვოკატთა კორპუსისა და აკადემიური წრეების მხრიდან პასიურობა ახსნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობით. კოალიციის წევრები პრობლემას ხედავენ განხორციელებულ საკანონდებლო ცვლილებებშიც, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი: „ხელისუფლებამ, კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ კონკურსის მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პარლამენტისთვის ღირსეული კანდიდატების წარდგენა. საბოლოოდ, შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში შესაძლებელი გახდა სიის იმგვარად ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა“, აღნიშნულია განცხადებაში.

შენიშვნების ჩამონათვალში ასევე აღწერილია, რომ საბჭოს ცალკეული წევრები ფავორიტი კანდიდატების მიმართ შეკითხვებს მიმანიშნებელი ფორმით სვამდნენ. დაფიქსირდა პასუხის გაცემაში დახმარებისა და კარნახის შემთხვევებიც, მაშინ როცა ამის საპირისპიროდ, მათი მხრიდან იგრძნობოდა აგრესიული ტონი და ირონიული დამოკიდებულება იმ კანდიდატთა მიმართ, რომლებმაც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ.

კოალიციისთვის გაუგებარია რა პრინციპით შეფასდა „კეთილსინდისიერების შკალა“, რომლითაც ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდნენ კანდიდატები, რომლებმაც ღიად გამოხატეს შეშფოთება სასამართლოს პრობლემური წარსულის გამო, ხოლო მაღალი შეფასება მიიღეს კანდიდატებმა, რომლებიც სასამართლოში სისტემური პრობლემის არსებობას ვერც ახლა და ვერც წარსულში ხედავენ.

კოალიცია სწორედ ამგვარი ტენდენციური დამოკიდებულებით ხსნის იმ შედეგს, რომ საბოლოო კანდიდატთა შორის არიან, თავდაპირველად პარლამენტისთვის გაგზავნილი 10 კაციანი პრობლემური სიის ნაწილი (თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე და პაატა სილაგაძე) და მათ დაემატა გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის სახელები.  

„ამ საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანალიზი, გვაფიქრებინებს, რომ პროცესი მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არ იყო მიმართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებისკენ. პარლამენტის მიერ შექმნილმა საკანონმდებლო ჩარჩომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთხელ მისცა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის და ხელისუფლების ინტერესების გატარების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების მდგომარეობას“ - აღნიშნულია განცხადებაში.




 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^