Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის დაანონსებული შეწყალების მოდელი - პერსპექტივის გარეშე

17 სექტემბერი, 2019 17:35

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემული შეწყალების აქტის შედეგად, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძესთან ერთად, თავისუფლებაზე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძეც აღმოჩნდა. სამომავლოდ „სამწუხარო აცდენა“, (როგორც პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას უწოდა) რომ აღარ განმეორდეს, შეწყალების პოლიტიკის რეფორმა უნდა დაჩქარდეს, - მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი...

თუმცა როგორც „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი მის მიერ პარლამენტში გამოსვლისას დაანონსებული შეწყალების სისტემის ახალ კონცეფციას, რომელიც ამ კომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში გადასვლას გულისხმობდა მთავრობის მხარდაჭერა უკვე აღარ გააჩნია. იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში ამ მოდელის დანერგვაზე მუშაობას არ გვიდასტურებენ, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის  შეწყალებით გამოწვეული ვნებათაღელვის გამო, აქტის გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული განცხადების გაკეთება მაინც მოუხდა, სადაც აღნიშნა რომ შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. ამასთან განაცხადა: „იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა“.  

ის რომ შეწყალების ახალი მოდელის შესაქმნელად პროცესი იწყებოდა, სალომე ზურაბიშვილმა პირველად მიმდინარე წლის მარტში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიურ პრეროგატივად რჩებოდა, თუმცა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლებდა. იუსტიციის უწყების გარდა კომისიის მუშაობაში დამატებით ჩართულნი უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც. ზურაბიშვილმა გამოსვლისას თავისი წინამორბედიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა. "ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს ალბათ იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას" - აღნიშნა მან.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელიც შეწყალების კომისიას ოთხი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2018 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ადმინისტრაციაში დახვედრილ შეწყალების პრაქტიკაზე კითხვის ნიშნები დასვა. მისი განცხადებით, შეწყალება თავისი ბუნებით ისეთი აქტია, რომ საზოგადოების მხრიდან ერთგვაროვნად არ იქნება აღქმული, ამიტომ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის  უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად ამ მექანიზმების დახვეწაზე უნდა ემუშავა.

ზვიად ქორიძის შეფასებით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გაცემა გაუგებარი და არაადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ამ უწყებას ისედაც აქვს მსჯავრდებულის გათავისუფლების მექანიზმი, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სახით. მისი შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან ამ მოდელის მხარდაჭერა კონსტიტუციით მინიჭებული პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია პრეზიდენტის მიერ პოლიციელისა და 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალება, ისე, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ განმარტებებიც არ გაკეთებულა. მისი განცხადებით, სასურველია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულების შემთხვევაში, შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება მიაქციონ დაზარალებულის პოზიციას, რაც მოცემულ შემთხვევაში იგნორირებული იყო.

ცქიტიშვილის თქმით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, 2016 წელს ჩატარდა კვლევა „შეწყალების უფლებამოსილება ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“, სადაც მიმოხილული იყო სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელები, მათ შორის იმ სახელმწიფოების, სადაც შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ფუნქციონირებს. მისი შედარებითი ანალიზის მიხედვით, საქართველოში არსებული მოდელი გაცილებით დემოკრატიულია, თუმცა შეიცავს გარკვეული ხარვეზებს. ამიტომ იგი ძირითად ამოცანად მიიჩნევს, არა მის კონცეპტუალურ შეცვლას, არამედ ამ ხარვეზების გამოსწორებასა და პროცედურების დახვეწა. ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ამ კუთხით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რის საშუალებასაც მოკლებულნი არიან დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ამიტომ იგი არ გამორიცხავს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით  მსგავსი გაუგებარ გადაწყვეტილებებს მომავალშიც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა,

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული, მათ შორის ასლან ბეჟანიძეც შეიწყალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^