Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა"

07 ოქტომბერი, 2019 17:44

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ფონდი „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" კრიტიკულ ანგარიშს უძღვნის. როგორც ცნობილია საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მიმართულებით: მოქალაქეების მხრიდან ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე და ასევე, პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე.

ფონდის მკვლევართა შეფასებით გამოძიება გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს, გარკვეულ შემთხვევებში კი აჩენს ეჭვს, რომ საგამოძიებო ორგანოების ქმედებები შესაძლოა სადამსჯელო შინაარსსაც  ატარებდეს და სამომავლოდ აქციის მონაწილეების დაშინებისკენ იყოს მიმართული.

შერჩევითი მიდგომის დასამტკიცებლად ანგარიშში შედარებითი სტატისტიკური მონაცემები და რამდენიმე მაგალითია მოყვანილია:

მომხდარი მოვლენების გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 16 მათგანი დღემდე პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ლევან ჯიქურს, რომელიც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და პროცესზე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს, პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს ამავე საქმეზე დაპატიმრებულ ბესიკ თამლიანსაც.

ამის პარალელური სტატისტიკის მიხედვით, აქციის დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 3 სამართალდამცავი, რომელთაგან ერთ-ერთს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავიდანვე გირაო შეუფარდა, ხოლო ორს - პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით ასევე გირაოთი შეიცვალა. ერთ-ერთი მათგანი, 27 სექტემბერს, პატიმრობიდან ბრალის აღიარების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათავისუფლდა. დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე არცერთი სამართალდამცავი საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება.

ფონდის შეფასებით, საზოგადოებას დღემდე არ მიუღია დამაჯერებელი პასუხი აქციის დაშლის პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის როლის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ სპეცრაზმელებს უშუალოდ აძლევდა დავალებებს. ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ დღემდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, და ამის საპირისპიროდ, იგი პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურეს.

ანგარიშის მიხედვით დაუსაბუთებელი და შაბლონური იყო პროკურატურის შუამდგომლობა ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნასთან დაკავშირებით.

ნიკა მელიასთან მიმართებაში დაპატიმრების შუამდგომლობის შაბლონურობაზე ის არგუმენტია დასახელებული, რომ პროკურატურის მოხმობილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე საქმე, რომელთა უმეტესობა იმდენად განსხვავებულ გარემოებებს ეხება, რომ მათზე მითითება ნიკა მელიას საქმის კონტექსტში აბსოლუტურად არარელევანტური იყო. ასევე დაუსაბუთებელ და ზოგად მსჯელობას ემყარებოდა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის მოთხოვნაც, მიიჩნევენ ფონდის მკვლევარები.

"მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე უფრო მიუთითებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 20 ივნისის აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემურ ხარვეზებს ააშკარავებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^