Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურის უცხოელი მრჩევლების ბრალდებები და „თიბისი ბანკის" დამფუძნებელთა ადვოკატის პასუხი

16 ოქტომბერი, 2019 21:38

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შედგენილ დასკვნას ასაჯაროებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის  შალვა თადუმაძისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები პოლ კოფი  და მოშე ლადორი ასკვნიან, რომ  მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დანაშაულებრივი სქემა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას.

წერილს გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელმაც „ლიბერალთან“ დაადასტურა, რომ აღნიშნული წერილი პროკურატურის საბრალდებო  მასალებში აქამდეც ფიგურირებდა და რომ დაცვის მხარე სასამართლოს მის დაუშვებელ მტკიცებულებად აღიარებას სთხოვს. 

ზვიად კორძაძის განცხადებით, მოსამზადებელ პროცესზე მათ შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ პოლ კოფისა და მოშე ლადორის შედგენილი დასკვნა არ მიეღოთ მტკიცებულებად და ამის მიზეზად რამდენიმე გარემოება დაასახელა. ადვოკატის განცხადებით, ზემოხსენებული ექსპერტები ვერ იქნებოდნენ მიუკერძოებლები, ვინაიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში კონსულტანტებად მუშაობდნენ და ანაზღაურებას მათგან იღებდნენ. გარდა ამისა, საქმის მასალებს მთლიანად არ ყოფილა ნათარგმნი და შესაბამისად უცხოელი ექსპერტები არასრულყოფილად გაეცნენ დოკუმენტებს, არ უნახავთ დაცვის მხარის მტკიცებულებები, არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას. ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ 25 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომაზე მოსამართლე ზემოხსენებულ დასკვნას მტკიცებულებად არ მიიღებს.   

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გენერალურ პროკურატურა „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორას“ წარმოადგენს. „საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე არის სასამართლოში, მობრძანდით სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლიბერალი“ გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო შალვა, თქვენი თხოვნით ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ჯგუფი“), რათა პერიოდულად  მოგვეწოდებინა ჩვენი წერილობითი მოსაზრება მიმდინარე გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევაფასოთ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებების მიზანშეწონილობა და შესაბამისობა.  

ახლახან გვთხოვეთ შეგვესწავლა მამუკა ხაზარაძესა და ბადი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებები. აღნიშნული სესხები 2007-2008 წლებში გაცემულია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებული  ორი ქართული კომპანიისთვის - შპს „სამგორი M“-ისა და შპს „სამგორი თრეიდისთვის“. 
2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა 2008 წელს განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ე.ი. ფულის გათეთრება) 16,664,000 აშშ დოლარის ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. მოგვიანებით, ბრალი წარედგინა ავთანდილ წერეთელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ჩვენ პირადად შევხვდით თქვენს თანამშრომლებს თბილისში. გარდა ამისა, გვქონდა დისტანციური საუბრებიც. ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები.  ანგარიშის ავტორები ასევე  არ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები.

ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბისი ბანკი“-სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი M“-მა და შპს „სამგორი თრეიდ“-მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“. 
გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას. 
როგორც ჩვენს სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს, რასაც ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს სასამართლო, ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს.
მადლობას გიხდით  თანამშრომლობისთვის. პოლ კოფი, მოშე ლადორი", ვკითხულობთ პროკურატურის  მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^