ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სომხური სამოციქულო ეკლესიის სამლოცველოში, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთები დააზიანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 156 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომლის კვალიფიკაციაც გულისხმობს: ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო.
აღნიშნულ დანაშაულზე მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით ეს სამლოცველოს დარბევის მეორე შემთხვევაა. პირველი დარბევა 2019 წლის 3 აპრილს მოხდა და მაშინ სისხლის სამართლის საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების მუხლით იყო აღძრული, თუმცა გამოძიებას, ამ დრომდე, არც მაშინდელ დანაშაულში ეჭვმიტანილები დაუკავებია.