
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მეუფე ზოსიმე მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პასუხობს და ამბობს, რომ ის რაც მას 31 წლის წინ დააბრალეს, პატრიარქის და აკადემიის საბჭოს მიერ განხილული იყო, სადაც დადგინდა, რომ სტუდენტების ბრალდებები და ქცევა, ეკლესიის და აკადემიის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, ამ სტუდენტების მიზანი იყო, რომ მაშინდელ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართულიყვნენ; რის საშუალებასაც ის, როგორც რექტორი არ აძლევდათ. ამიტომაც მასზე გაბრაზებულმა სტუდენტებმა ასეთი ტყუილი შეთხზეს, იმ მიზეზით რომ ის სემინარიიდან წასულიყო.
„1988 წლის გვიანი შემოდგომა გახლდათ, როდესაც საქართველოში დიდი პოლიტიკური აშლილობა იყო, სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ახლა რაღაცებს კადრულობენ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ჩვენ სასწავლებლის ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს თვალს ვადევნებდით, როდესაც ამ სტუდენტებს მკაცრად მოვთხოვეთ, რომ არ გაეცდინათ ლექციები, ამის გამო მათ გაუჩნდათ მოსაზრება, რომ ჩვენ ამ ეროვნული მოძრაობის მიმართ გულგრილად ვიქცეოდით.
ეს იყო იმ ბრალდებების მიზეზი, რაც ჩემს მიმართ წარმოიქმნა. ეს ახალგაზრდები თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ. მუდმივად ეკლესიის მიმართ პროტესტი და დაპირისპირება ჰქონდათ“, - ამბობს მეუფე ზოსიმე.
ჟურნალისტების კითხვაზე შეესაბამება თუ არა სიმართლის ის ბრალდებები, რომ მან სტუდენტებზე სექსუალური ძალადობა სცადა, მეუფე ამბობს, რომ:
„ეს არის ყველაფერი აბსურდი და ტყუილი. ეს არის ეკლესიის მიმართ დაწყებული ანტი მოძრაობა, რომელიც შეგნებულად წამოიწია. მაშინვე მივხვდი, რომ ესენი მარტონი არ იყვნენ და ამათ უკან რაღაცა ძალები იდგნენ და ისინი მართავდნენ“,-ამბობს მეუფე.
კითხვაზე მაინც და მაინც ახლა რატომ გააქტიურდა მაშინდელი ძალა, მეუფე პასუხობს:
„ეს შეკითხვა მეც მინდა თქვენ ჟურნალისტებს დაგისვათ. რატომ მაინც და მაინც დღეს, 31 წელი გავიდა. ზოგიერთები აღარც მახსოვან ვინ იყვნენ. მაშინ ეკლესიამ ეს საკითხი განსაჯა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სადაც მთელი აკადემიის საბჭოც იყო განიხილეს პატრიარქის რეზიდენციაში და ასეთი შეფასება მიიღეს, რომ ეს იყო ეკლესიის და სემინარიის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი“,-ამბობს მეუფე ზოსიმე.
მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ სტუდენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციურ ქმედებებს და ამიტომაც მან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„სტუდენტებს ალბათ ისიც არ აწყობდათ, რომ რექტორად მე ვყოფილიყავი. ახლაც სულ ვფიქრობ, რომ ნეტა უარი მეთქვა. სასულიერო სკოლამ ისე დამტვირთა, რომ წიგნზე მუშაობის დროც აღარ მქონდა, მით უფრო ეპარქიაზე. რა თქმა უნდა, გული ძალიან მეტკინა და ამ ტკივილს დღემდე ვატარებ. იცით რა ძნელია, როდესაც მათთვის სიკეთე გინდა და ამას არავინ გიგებს. 31 წლის წინ ეკლესიის მიერ უკვე გადაწყვეტილი ამბავი ისევ გაჟღერდა. მგონია, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. დღესაც არიან ძალები, რომლებსაც ეკლესიაში არეულობა უნდათ ან უფრო მეტი. ერთი მაინც დაასახელონ, რომელზეც ძალადობა მოხდა. ეს არის სიყალბე, რომ ვითომ ვინმე ამ ტყუილს დაამოწმებს. მე რამდენადაც მითხრეს, იმ კალაძეს სინანულიც კი დაუფლებია. არ ვიცი პატრიარქთან მისი შეხვედრა რანაირად მოხდა. მან განაცხადა, რომ ეს სხვების მითითებით გააკეთა, სხვამ წააქეზა“,-ამბობს მეუფე ზოსიმე.