
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა და მხარდამჭერებს, 23 ნოემბრისთვის მობილიზაციისკენ მოუწოდა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში.
დღეს, პარლამენტმა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.