Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება

25 დეკემბერი, 2013 16:49

"ფოთის აეროპორტის პროექტი, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ეს არის ფრინველების გადაფრენის და ჭაობიანი ზონა. მძლავრი, მაღალი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება ანაკლიის პორტთან და ვფიქრობ, რეგიონში ორი ასეთი აეროპორტის საჭიროება არ არსებობს. ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2013 წლის ეკონომიკური მოვლენების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტი მთლიანად შეცვლის და მოდერნიზებას გაუკეთებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემას. მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ აჟიოტაჟით, რაც 5 მილიონ დოლარად ღირებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოიწვია.

”5 მილიონი დოლარი მოგეხსენებათ გამოიყო მიზანშეწონილობის კვლევისთვის და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვისაა საჭირო ეს კვლევა. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, დღემდე საბანკო ინსტიტუტებისათვის მისაღები კვლევა ამ პორტის მშენებლობის შესახებ არ ჩატარებულა. საბანკო ინსტიტუტებს არ აკმაყოფილებთ წარსულში სამინისტროებისა თუ საპარტნიორო ფონდის მიერ გაკეთებული წინასწარი ანალიზები,” - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრმა ყველზე წარმატებულ პროექტად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების ინიცირება დაასახელა.

”სულ ცოტა ხანში, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება, რაც მოგვცემს ახალ წარმოებებს, მეტ დასაქმებულ მოქალაქეს, გაზრდილ ექსპორტს. ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდის შეუქცევად პროცესს განაპირობებს,’ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წელი ქვეყნისთვის გარდამავალი პერიოდი იყო, რაც ეკონომიკისა და ბიზნესისთვის ძალიან რთულია.

"ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო ქართული ეკონომიკის და ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება, შექმნა გარემო, სადაც მეწარმეს საშუალება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესის განვითარების პრიორიტეტები და დაცულია მათი კერძო საკუთრების უფლებები. გარდამავალი პერიოდი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და შესაბამისად, ეკონომიკისთვის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესს ახლავს დაძაბული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვა მე-3 კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, 8,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით - 24 პროცენტით.

"ცხრა თვის მონაცემებით, კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვამ 30 მილიარდი ლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მესამე კვარტალში გაიზარდა და 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20 პროცენტით აღემატება. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით გადააჭარბა. გაიზარდა ექსპორტი 20 პროცენტით და 2, 6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს ექსპორტისთვის რეკორდული მაჩვენებელია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 11 თვის მონაცემებით, 65 პროცენტით გაიზარდა და 540 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და 161 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^