
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 114 კუბოს შესაძენად ტენდერს აცხადებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 40 000 ლარია. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ცხრილის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტს სტანდარტული ზომის, ხარისხიანი, გამოკრულსარჩულიანი კუბოები უნდა მიაწოდოს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად კუბოები ფოთში მცხოვრები უმწეო და გაჭირვებული გარდაცვლილი მოქალაქეებისთვისაა გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კუბოების ტენდერი გლდანის მუნიციპალიტეტმაც გამოაცხადა, “კუბო (ჩასასვენებელი) ტრადიციული, წიფელის, სტანდარტული ზომის, გამოკურული სარჩულით, სუდარით”… გლდანის გამგეობა 70 კუბოს შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 500 ლარია. მომწოდებელმა მუნიციპალიტეტს კუბოები ხელშეკრულების გაფორმებიდან – ეტაპობრივად მოთხოვნისთანავე – 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს. მუნიციპალიტეტი კუბოებს გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებული გარდაცვლილი მოქალაქეებისთვის ყიდულობს.