2013 წელს, საქართველოს მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის 300 ექსპონატის რესტავრაცია - კონსერვაცია მოხდა - ამის შესახებ დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომელიც სამინისტროსა და სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 მუზეუმის - კასპის, ხაშურის, ონისა და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების, თელავისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმების, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში არსებული ნიმუშების რესტავრაცია განხორციელდა. მათ შორისაა დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები და ანტიკური პერიოდის ნივთები
როგორც რესტავრატორმა ნანა კუპრაშვილმა “ლიბერალთან” საუბრისას განაცხადა, პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფერწერული ტილოები. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმში რჩება მრავალი ექსპონატი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ის ექსპონატები, რომელიც სასწრაფო შველას საჭიროებს, მოწესრიგება. მიზანდარის განმარტებით, იგეგმება მუზეუმების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.