ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელთა იმ ნაწილს, რომელიც სამხატვრო ხელმღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ დილის 10 საათზე გააცნობს. სამინისტროში დღევანდელი მოლაპარაკების დასრულებისთანავე, ოპერის სოლისტმა გოჩა დათუსანმა განაცხადა, რომ მინისტრი ხვალ კიდევ ერთხელ შეხვდება მათ და თეატრის განვითარების საკითხს გიორგი ჟორდანიას სამხატვრო ხელმძღვანელობის გარეშე განიხილავს.
''ეს არის მინისტრის მტკიცე გადაწყვეტილება. მან თქვა, რომ ჟორდანიას შეუჩერდება უფლებამოსილება და დროებით მმართველად გოგი კილაძე დაინიშნება,'' აღნიშნა დათუსანმა.
ოპერის სოლისტის თემურ გუგუშვილის თქმით, მინისტრისგან გიორგი ჟორდანიას გადაყენების საბოლოო პირობა თანამშრომლებს დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე არ მიუღიათ. პასუხს ხვალინდელ შეხვედრაზე გაიგებენ.
აღნიშნული მოლაპარაკების მსვლელობისას, ოპერის წამყვანი სოლისტები - მაყვალა ასპანიძე და ელენე ჯანჯალია სამინისტროს შენობაში მოვიდნენ და თეატრის ახლანდელ ხელმძღვანელს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი განცხადებით, სწორედ გიორგი ჟორდანიას ხელმღვანელობით დაიდგა არაერთი სპექტაკლი და თეატრმა, განვითარების კუთხით, უფრო წინ წაიწია.
როგორც ოპერის მომღერლები ამბობენ, დასის წევრების უკმაყოფილება ხელფასების სამართლიანად და თანაბრად გადანაწილებამ გამოიწვია. ''წლების მანძილზე ისინი ცოტას მუშაობდნენ და მაღალ ხელფასებს იღებდნენ. მას შემდეგ რაც ჟორდანიამ ჰონორარის შემცირება და სამართლიანად განაწილება დაიწყო, სხვებს არ მოეწონათ და უსამართლოდ გაწირეს ადამიანი,'' აცხადებს ასპანიძე.
დღის პირველ ნახევარში გურამ ოდიშარიას თავად ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი გიორგი ჟორდანია შეხვდა, რომელმაც დასის წევრების ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
ჟორდანიამ მზადყოფნა გამოთქვა, თეატრში წარმომადგენლობითი სამხატვრო საბჭოს შექმნაზე, რომელიც დასის წევრების ყველა წინადადებას განიხილავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვებაზე უარს ამბობს. ჟორდანიას ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა დასის უკმაყოფილო ნაწილისთვის. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრისთვისაც მიემართათ, თუმცა 3 საათზე გამართული შეხვედრის შემდეგ რადიკალური ზომების მიღებისგან თავს იკავებენ და ხვალ კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს ელიან.