მოქალაქეთა ჯგუფი სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის ნებართვის გაუქმებას თბილისის მერიას ადმინისტრაციული საჩივრითაც სთხოვდა. თუმცა მერიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ეს იყო შანსი, რომელიც მერიამ არ გამოიყენა.
“მერიას შეეძლო ღირსეულად გამოსულიყო ამ სიტუაციიდან, მაგრამ მერია პრაქტიკულად უკვე გამოთიშულია ამ პროცესიდან და მათი პოზიცია აღარც არის უკვე საინტერესო. გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტიც. როგორც ჩანს ყველას გვეჩვენება, რომ ეს ადგილი ვაკის პარკია, გარდა ამისა, მზადდება სარჩელიც და უკვე სასამართლოს გზით სამშენებლო ნებართვის გაუქმებას მივაღწევთ”, - ამბობს ურუშაძე.
თინათინ ჭავჭავაძე ფიქრობს, რომ ინვესტორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რა და როგორ აშენდება ქალაქში.
“აქ იმისთვის ვართ, რომ რეკრეაციული პარკის რეალური ფუნქცია ყველას დავანახოთ. ადამიანები აქ მოდიან პიკნიკზე, გასართობად, დასასვენებლად იმ ბეტონისგან, რომელიც გარშემო ყველაფერს ფარავს. იქნებ ეს ბოლო პარკი მაინც დაგვიტოვონ პარკად. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და არ ვიცი მათ ხმას გაიგონებენ თუ არა.”
ანა კორძაია-სამადაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აშენდეს.
“ახლა აქ იმიტომ ვარ, რომ აქ ვარ მუდამ. მთელი სიცოცხლე აქ მაქვს გატარებული და ვერ წარმომიდგენია, რომ ვიღაცის ნებით, ერთ მშვენიერ დღეს, უცებ უნდა გამომეცალოს ხელიდან ადგილი, სადაც არის სიჩუმე, ჰაერი და სადაც თავს ადამიანად ვგრძნობ. ბუნდოვნადაც კი ვერ წარმომიდგენია როგორ გაგრძელდება ეს ამბავი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამდენი მოღიმარი ადამიანის ნებით ვიღაცა გადაწყვეტს, რომ ბევრი ფული არ უნდა გააკეთოს”.
ნიკოლოზ რომნისთაველი აქციაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელ ტერიტორიაზე კამათობდნენ - მდებარეობდა თუ არა ვაკის პარკში.
“მოვედი და დავრწმუნდი, რაც ხდება, აქ ეს სასტუმრო არ უნდა აშენდეს”, - ამბობს რომნისთაველი.
ნინო ვიბლიანი რამდენიმე ადამიანთან ერთად აქციის მონაწილეების მიერ გამზადებულ ნაჭრებს წარწერით “მე ვიცავ ვაკის პარკს” ერთმანეთზე ამაგრებს. ნაჭრებისგან შემდგარი გირლიანდი აქციის ბოლოს სასტუმროსთვის განკუთვნილ ადგილს ჯაჭვად შემოევლება.
“სიმბოლურადაც ვაჩვენებთ, რომ ამ მშენებლობას ვეწინააღმდეგებით, მე ამ პარკში გავიზარდე, ამ პარკის ჰაერს ვსუნთქავ და ეს ყველას სატკივარია”, - ამბობს ვიბლიანი.