
საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს ეხება.
კერძოდ, ანგარიშში აღწერილია 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, როცა, ანგარიშის ავტორების შეფასებით, ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მშვიდობიანი შეკრება ღონისძიების მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტმა, რომელთა შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ, ძალადობრივად დაშალა. ერთი დღით ადრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდა, ამგვარი შეკრება არ დაეშვა, მან მას ქართული ტრადიციების “შეურაცხყოფა” უწოდა. ანგარიშის მიხედვით, პოლიციას ლგბტ აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანა მოუწია, მაგრამ პოლიციამ აქტივისტები ვერ შეაკავა, რომლებიც გადასაყვან ავტობუსს ქვებსა და სხვა საგნებს ესვროდნენ.
ანგარიშის ავტორები დაზარალებულ ჟურნალისტზეც საუბრობენ, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიღო და ამის გამო სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ხელისუფლებამ ორ მართლმადიდებელ მღვდელს და სამ სხვა საერო პირს შეკრების თავისუფლებისთვის ხელის შეშლასა და წვრილმან ხულიგნობაში დასდო ბრალი, თუმცა თბილისის სასამართლომ ერთ-ერთ მღვდელს ბრალდება მოუხსნა. დოკუმენტის წერის მომენტში დანარჩენების სასამართლო პროცესი გრძელდებოდა.
"Human Rights Watch"-ის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი ლგბტ უფლებების დამცველმა ჯგუფმა “იდენტობამ” 17 მაისის ინციდენტისას და მის შემდეგ ლგბტ პირების მიმართ ძალადობისა და დაშინების 34 ფაქტი დააფიქსირა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ბევრი მსხვერპლი ჰომოფობიური ძალადობის ფაქტებს ორი მიზეზის გამო არ ახმაურებს: ან შურისძიების ეშინია, ან ჰგონია, რომ პოლიციას ადეკვატური რეაქცია არ ექნება.