
საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიშის ერთ-ერთი თავი საქართველოს ეხება.
აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ მომზადებულ ქვეთავში ვკითხულობთ:
2012 წლის ნოემბრიდან დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომ ზოგიერთ სოფელში, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა ზოგჯერ ძალის გამოყენებითაც კი ხელს უშლიდა თანასოფლელ მუსულმანებს რელიგიური მსახურება კერძო სახლებში მოწყობილ მეჩეთებში ჩაეტარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე საჯაროდ დაგმო ძალადობა, დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად ბევრი არაფერი გაკეთებულა.
2013 წლის აგვისტოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასავლეთ საქართველოში მეჩეთს ძალით მოხსნა მინარეთი, რასაც პოლიციასა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ მინარეთის შემოწმება სურდათ, რადგან მას არ ჰქონდა იმპორტის სათანადო ლიცენზია. რამდენიმე დღის შემდეგ მინარეთი სოფელში დააბრუნეს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის მომზადების დროს, ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის პროტესტის გამო მინარეთი არ იყო აღმართული.
აპრილში, აჭარის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუსულმანური რელიგიის მიმდევარია, სამმა მთვრალმა სამხედრო პოლიციელმა ადგილობრივებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი თვითნებურად აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ ადამიანებს, „თათრებს“ უწოდებდნენ და მოითხოვდნენ, რომ კისერზე ჩამოკიდებული ჯვრები ეჩვენებინათ. თავდაცვის სამინისტრომ ეს ოფიცრები სამსახურიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი პოლიციამ დააპატიმრა.