აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა ისევ პრობლემად რჩება.
"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს დისკრიმინაციას რასის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, სოციალური სტატუსის მიხედვით, მთავრობა ყოველთვის ვერ ახერხებს ამ საკანონმდებლო ნორმის ეფექტურად აღსრულებას,"- ნათქვამია ანგარიში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში სამართალდამცავმა ორგანოებმა 57 გაუპატიურების შემთხვევა გამოიძიეს. 2012 წელს ასეთი 81 შემთხვევა იყო. როგორც ანგარიშშია მითითებული, ექსპერტების შეფასებით, გაუპატიურების ბევრი შემთხვევა სოციალური სტიგმის გამო არ გაცხადებულა, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებს პოლიცია ყოველთვის არ იძიებს.
ანგარიშში საუბარია, რომ ოჯახური და ქალთა მიმართ სხვა ტიპის ძალადობა ისევ პრობლემად რჩება. ამას გაეროს განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 9% მუდმივად განიცდის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს ოჯახური ძალადობის 399 შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს ასეთი 316 შემთხვევა იყო.
"სახალხო დამცველის ინფორმაციით, ოჯახური ძლადობის შემთხვევაში უმეტესად სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ, რადგან პოლიცია სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება, რაც მსხვერპლს განმეორებითი ძალადობისგან არ იცავს. გასული წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ სულ 196 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, წლის განმავლობაში თბილისის საპატრულო პოლიციის ინსპექტორებს, რაიონული პოლიციის თანამშრომლებს და პროკურორებს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ტრენინგი ჩაუტარდათ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებით მოქმედებს ცხელი ხაზი. ასევე, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი არასრულწლოვანი შვილებითვის არსებობს თავშესაფარი, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით.
თვშესაფრებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას უწევენ. გასულ წელს სულ 492 ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ჩაუტარდა სატელეფონო კონსულტაცია. 2013 წელს თავშესაფრებმა სულ 44 ქალი და 61 ბავშვი მიიღო", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველოში არსებობს მავნე ტრადიციული პრაქტიკა - ქორწინების მიზნით ქალების გატაცება, რაც ძირითადად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და თემებში ხდება, თუმცა ასეთი შემთხვევები სულ უფრო იშვიათია. "მიუხედავად იმისა, რომ მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულია, პოლიცია იშვიათად იღებდა ზომებს."
"ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა ძირითადად მათ სამუშაო ადგილებზე ხდება და ეს პრობლემაა. ასეთ შემთხვევებზე გამოძიება იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს თანასწორობას ქალსა და მამაკაცს შორის, ეს ყოველთვის დაცული არ არის და ხშირად პატივს არ სცემენ. არასამთავრობოების განცხადებით, სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაცია რეალურად არსებობს.
ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე შეინიშნება ქალების მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალებს უმეტესად დაბალი ანაზღაურება და დაბალი რანგის სამუშაო ადგილები აქვთ, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცის სამუშაო მდგომარეობას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.