პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირიმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია გუშინ ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რეალურად მოვლენები, რომლებიც უკრაინაში განვითარდა, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არა მარტო მთლიანად რეგიონს, არამედ ფაქტობრივად იმ გლობალურ წესრიგს, რითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა. ასეთი საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება: პირველი ეს არის ის, რომ ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დადებითი ტენდენცია, რისი შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, შეიძლება სერიოზული დისკრედიტაცია შეექნას. მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს. რა თქმა უნდა, მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა ქვეყნების დანაწილება, რა თქმა უნდა, არსებობდა კონფლიქტები ქვეყნებს შორის, მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიის მიერთება.
ეს არის პრობლემა გლობალურად მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის, აქედან გამომდინარე ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ უაღრესად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება. ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, არა სამხედრო ძალის, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების საშუალებით.
ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ყირიმის რეფერენდუმთან და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართებაში.“