
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს მთავრობამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ის იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს საკუთარი მედიასაშულება ჰქონდა და ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეში მან უარი თქვა ამ მედიასაშუალების გამოყენებაზე - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესით, ხელისუფლებამ გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა მაქსიმალურად უზრუნველყო.
"აქაც გამოვლინდა საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ კანდიდატების შერჩევა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საქართველოს პარლამენტი ირჩევს საბჭოს წევრებს, ჩვენ შევზღუდეთ საკუთარი თავი ამ არჩევანში და ეს კანდიდატები სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს" - აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 25-26 მარტს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა მიმდინარებს. კომიტეტის ამოცანაა განიხილოს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებით თანამშრომლობით მიღწეული პროგრესი და სამოქმედო ნაბიჯები. სხდომის მთავარი მიზანი კი რეკომენდაციების შემუშავება და წინა სხდომების დროს მიღებული რეკონედაციების შესრულების მონიტორინგია.