"რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გააკეთეს. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში აუდიო-ვიზუალური თვალთვალი მიმდინარეობდა და აღმოჩენილია უკანონო ჩანაწერები.
„ხდებოდა ტოპმენეჯმენტის ფარული აუდიო-ვიზუალური თვალთვალი. რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და ჩვენ მოგვაწოდეს ვიდეომასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს და კარგად ისმის, როგორ მიმდინარეობს ჩემი და ჩემი პირველი მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის ჩაწერა. მოწოდებულია სულ ორი ფაილი, ჩემს შემთხვევაში არის 15-წუთიანი ჩანაწერი, ნინოს შემთხვევაში - ერთსაათიანი. ეს არის 2013 წლის ივნისის ჩანაწერები. ჩვენ მედიას მივაწოდებთ თითოწუთიან უწყვეტ ნაწილებს, თუმცა ვერ მივაწოდებთ სრულ ჩანაწერებს, რადგან იქ ასახულია პირადი და საქმიანი დეტალები და ამის გავრცელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამასთან, ინფორმატორის ცნობით, არსებობს კიდევ ათეულობით ფაილი, რომლებზეც ჩვენი ჩანაწერებია“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები ცდილობდნენ საკუთარი ძალებით აღმოეჩინათ აუდიო-ვიდეო აპარატურა, თუმცა ისინი ვერ აღმოაჩინეს.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყდეს "რუსთავი 2-ის" უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება. ასევე მკაცრად დაისაჯონ ის პირები, რომლებსაც უკანონო მიყურადებისა და ჩაწერის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული და ამ გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ.