"რუსთავი2"-ის ე.წ. სკანდალი ნაციონალური მოძრაობის მიერ უმრავლესობის წინააღმდეგ დაწყებული პროვოკაციაა" , - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოქშოუ "რეაქციაში" განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ტელეკომპანიაში ბევრი პროფესიონალი და გულწრფელი თანამშრომელი მუშაობს, თუმცა ხელმძღვანელობა მათ შესაძლებლობებს ბოროტად იყენებს.
ასევე, პრემიერმა "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ მისივე ინიციატივით, მთავრობაში მოსვლისთანავე, საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეომასალები განადგურდა:
"მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ მე ვიყავი იმის ინიციტორი, რომ ასობით და ათასობით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალები გამენადგურებინა. ეს უპრეცედენტო ფაქტი იყო. ამას როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში აღნიშნავდნენ. "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელობას ყველაფრის დაბრალება შეუძლია ჩვენთვის, მე მეცოდებიან ამ ტელეკომპანიის თანამშრომლები, ვიცი, რომ ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ხელმძღვანელობა მათ შესაძლებლობებს ბოროტად იყენებს. გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნაციონალური მოძრაობა ფარული ვიდეოჩანაწერების გაკეთებაში გაწაფულია. ჩვენი მიმართულებით გაკეთებული ასეთი განცხადებები კი მხოლოდ ღიმილს მგვრის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მან ასევე კამპანია - "ეს შენ გეხებას" შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული კომენტარი განმარტა და აღნიშნა, რომ არასამთავრობოების მისამართით გაკეთებული განცხადების დროს, "მძიმე" სიტყვები იხმარა: "ვაღიარებ, რომ შეფასებისას მძიმე სიტყვები გამოვიყენე. იმის თქმა მინდოდა, რომ მსგავსი კამპანია ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. რეალურად, ქვეყანას დიდი სურვილი აქვს, რომ უკანონო მიყურადება აღარ ხდებოდეს".