“ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას მიესალმება”, - ნილს მუიჟნიეკსის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს საზოგადოებრივი ინფორმირებულობის კამპანია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
“კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, საჯარო პირებმა და საზოგადოების ლიდერებმა მკაფიო გზავნილი გააგზავნონ ადამიანთა უფლებების დაცვისა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად, ძალადობის, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ცხადად უნდა განიმარტოს, რომ ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ნილს მუიჟნიეკსი აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი სახით უნდა იყოს კვალიფიცირებული.
ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი უკანონო მოსმენებსაც ეთმობა. როგორც ნილს მუჟნიეკსი აღნიშნავს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აღმოაჩინა 24 ათასი ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, რომელიც არალეგალური გზით იყო მოპოვებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის თქმით, ჩანაწერები ასახავდა პირად ცხოვრებას, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების საუბრებს. ვიდეოჩანაწერები კი შეიცავდა პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებს.
"ოფიციალური განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უკანონო სატელეფონო ჩანაწერები აღარ ხორციელდება და სატელეფონო ჩანაწერის მოსმენა მხოლოდ გამოძიების კონტექსტში, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ხდება. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავარი სატელეკომუნიკაციო კომპანიები კვლავაც აღჭურვილი არიან "შავი ყუთებით", რომლებიც უკანონო სატელეფონო მოსმენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, არასამთავრობოებმა და ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა გამოხატეს შეშფოთება, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების ნაკლებობის გამო და ხაზი გაუსვეს ოპერატიული და საგამოძიებოს საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობას, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და განსაკუთრებით, კონფიდენციალური უფლებების კუთხით", - ნათქვამია ნილს მუიჟნიეკსის ანგარიშში.
ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი მიესალმება საქართველოში პატიმართა მოპყრობის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ციხეებში გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას. ამავე დროს ევროკომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები ციხეებთან დაკავშირებით "წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" (CPT) რეკომენდაციების შესასრულებლად.
ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისრის ანგარიშში საუბარია ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, უმცირესობების უფლებაზე, შერჩევით სამართალზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და მედიაზე.
ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 2014 წლის 20-25 იანვარს იმყოფებოდა.