„ლიბერალი“ გთავაზობთ საგამოძიებო სტატიების სერიას, Rich Metals Group-ის (ყოფილი „მადნეულის“) საქმიანობის, სალიცენზიო პირობების შესრულების პრაქტიკის, ახალი ლიცენზიების შეძენის, მათში შესული ცვლილებების, მარაგების მდგომარეობის, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის, წიაღის კანონში შესული ცვლილებების და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
ფინანსთა სამინისტროს დღემდე არ დაუსრულებია გამოძიება, რომელიც Rich Metals Group-ში 2012 წლის 27 დეკემბერს დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური RIch Metals Group–ში (ყოფილი სააქციო საზოგადოება “მადნეული” და შპს “კვარციტი”) 2012 წლის დეკემბერს შევიდა. მაშინ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218–ე მუხლით აღიძრა, რომელიც დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებას გულისხმობს.
2012 წლის 25 დეკემბერს პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მან სასამართლოსგან Rich Metals Copper-ის (ყოფილი სააქციო საზოგადოება “მადნეული”) და Rich Metals Gold–ის (ყოფილი შპს “კვარციტი”) 2005 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 25 დეკემბრამდე განხორციელებული ყველა საქმიანობის ამსახველი სრული საბუღალტრო დოკუმენტაციის, მათ შორის ე.წ. “შავი ჩანაწერების” ჩხრეკის უფლება მოითხოვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება “პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მართლმსაჯულებისთვის”. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს საწარმოს ჩხრეკის უფლება მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს უფლება მიეცა შესულიყო და აღნიშნული შემოწმება ჩაეტარებინა Rich Metals Group-ში სს RMG Copper–ის ოფისებსა და საწყობებში, რომლებიც მდებარეობს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში და თბილისში, ტატიშვილის ქუჩა N3/5–ში, ტატიშვილის ქუჩა N10–ში, კახეთის გზატკეცილის N9–ში, ქ. ფოთში, 9 აპრილის ხეივანი N30/60 და შპს RMG Gold–ის ოფისებსა და საწყობებში.
2012 წლის 26 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე სასამართლო განჩინებას ხელს აწერდა მოსამართლე გიორგი არევაძე.
საწარმოს ჩხრეკიდან 17 თვე გავიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გამოძიება დღემდე არ დაუმთავრებია და შესაბამისად საზოგადოებამ შედეგები არ იცის.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს წერილობით ორჯერ მივმართეთ – 2013 წლის 3 ივლისს და იმავე წლის 16 დეკემბერს და ვკითხეთ, დასრულდა თუ არა გამოძიება და რა დასკვნა დადო სამინისტრომ.
ფინანსთა სამინისტროდან მოგვწერეს: “განხილულ იქნა თქვენი განცხადება სს “RMG Copper”–თან და RMG Gold–თან დაკავშირებით და აღნიშნულის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ამ საწარმოების ბიუჯეტთან ანგარისშწორების სისწორის შემოწმების მიზნით მიმდინარეობს გამოძიება”.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით სამინისტროს ახლაც მივმართეთ. ამ მომენტისთვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.