
ამ წუთებში გიგი უგულავა მოდულის შენობაშია და მისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
გიგი უგულავას ადვოკატმა გიზო უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების შინაარსი და კვალიფიკაცია მისთვის უცნობია.
"ბრალდების შინაარსი და კვალიფიკაცია ჩემთვის უცნობია. ვნახოთ, რა კვალიფიკაციის რა ბრალდება იქნება. მტკიცებულებების გაცნობის კუთხით ჩვენთვის ისევ პრობლემა იქმნება. როგორც კი დააკავეს შეგვიზღუდეს მასთან შეხვედრა და ამით დაარღვიეს მისი დაცვის უფლება. დაკავების წუთიდან ვითხოვდით, რომ ჩვენთვის გადმოეცათ მასალები. ეს მასალები ღამის 01.00 საათზე გადმოგვცეს. 20-25 წუთის წინ კი დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ შედიოდნენ გიგი უგულავასთან ბრალდების წარსადგენად. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობენ, რომ არ მოეცათ მასალების გაცნობისა და მომზადების საშუალება. ცდილობენ, რომ ბრალი უგულავას ფორსირებულად წარუდგინონ", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება.
გიგი უგულავას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.