Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქეთი გუჯარაიძე: „გარემოს დაცვის მინისტრის შეცვლას ხუდონჰესს ვუკავშირებთ“

21 ივლისი, 2014 16:21

„ვფიქრობთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შეცვლის მიზეზი ერთ-ერთ ყველაზე სადავო პროექტს - ხუდონჰესს უკავშირდება. ეს პროცესი განსაკუთრებით სწორედ ბოლო ორი წლის განმავლობაში გააქტიურდა“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.

გუჯარაიძე ფიქრობს, რომ მინისტრის შეცვლის მიზეზად შესაძლოა სხვა ფორმალური საკითხები დასახელდეს, თუმცა რეალურად, ეს გოგალაძის მკვეთრად ჩამოყალიბებულ და გაცხადებულ პოზიციას უკავშირდება.

„გარემოს დაცვის მინისტრს ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ხუდონჰესთან დაკავშირებით. ის არ აპირებდა ეკოლოგიური ნებართვის გაცემას საქმიანობაზე, რომელიც არ იქნებოდა სრულად შესწავლილი და სწორად დაგეგმილი. ფაქტია, რომ ენერგეტიკული პროექტების განვითარებით დაინტერესება ძალიან დიდია. აქამდე ვხედავდით, რომ ენერგეტიკულ პროექტებს ჰყავდა ძალიან ძლიერი ლობი ენერგეტიკის სამინისტროში, ინვესტორებისა თუ სხვა მხრიდან, მაგრამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ამ მინისტრის ხელმძღვანელობით ცდილობდა, რომ ეს პროცესი უფრო გონივრულად წარმართულიყო. როგორც ჩანს, ეს გონიერება ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა ახალი ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც წინა მთავრობისთვის“, - ამბობს გუჯარაიძე.

გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბევრი დეტალი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. ერთი მხრივ, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ კომპანია ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს უახლოეს ორ კვირაში წარუდგენდა გარემოს დაცვის სამინისტროს. მეორე მხრივ კი, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მინისტრის  მოადგილე ირაკლი ნოზაძე შსს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაკითხვაზე იყო დაბარებული. გუჯარაიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს მიზეზიც ფორმალურად გამოიყენონ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისას. თუმცა საბოლოოდ ყველანაირად შეეცდებიან, რომ ხუდონჰესის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვა რაც შეიძლება მარტივად გაიცეს.

 „ხათუნა გოგალაძის საქმიანობის მიმართ უკმაყოფილება აქამდე არც პრემიერს გამოუხატავს, და არც პარლამენტს. არ ყოფილა არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ეს მინისტრი შეიცვლებოდა. ის ფაქტი კი, რომ მინისტრის გათავისუფლებას წინ მისი უწყების ერთ-ერთი პირველი პირის საგამოძიებო ორგანოში დაბარება უძღოდა წინ, გამოცდილი პრაქტიკაა წინა ხელისუფლების პერიოდშიც და ახლაც. ამას როგორც წესი, ხელმძღვანელი პირების ცვლილება მოჰყვებოდა ხოლმე. ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა ეს გახდეს ფორმალური მიზეზი“.

გუჯარაიძე ხათუნა გოგალაძის მინისტრობის პერიოდსაც მეტწილად დადებითად აფასებს. თუმცა ამბობს, რომ ვერ გაამართლებს ხდის ხეობაში ჰესის აშენებაზე ნებართვის გაცემას. მისი თქმით, 2003 წლიდან მოყოლებული ხათუნა გოგალაძე იყო ერთადერთი მინისტრი, რომელსაც გარემოსდაცვითი განათლება ჰქონდა მიღებული, თან მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში. ამასთან, ჰქონდა განათლება მენეჯმენტის მიმართულებითაც. გარემოს დაცვის სამინისტროში მანამდეც მუშაობდა და ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდა მინისტრისთვის აუცილებელ ყველა პირობას.  

„მისი მინისტრობის პერიოდში იყო ბევრი კარგი სურვილი და წამოწყება, რომლებიც შეიძლებოდა დროთა განმავლობაში კარგ ღონისძიებებსა და მოქმედებებში გადაზრდილიყო. მაგრამ ახალი მინისტრის დანიშვნა, ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს. თუკი აქამდე გარემოსდამცველები მინისტრთან „ერთ ენაზე ვსაუბრობდით“ და მისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის ახსნა არ გვჭირდებოდა, ახლა ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო იქნება, როგორც სხვა მინისტრებთან. რადგან წარმოდგენილ კანდიდატს, ელგუჯა ხოკრიშვილს ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება არ აქვს. ეს არის ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსის უყაირათოდ ხარჯვა და უკან გადადმული, არაეფექტური ნაბიჯი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. “, - ამბობს გუჯარაიძე.

დღეს გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან 7 მინისტრი გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. სასჯელაღსრულების მინისტრი დევნილთა სამინისტროში გადაინაცვლებს. ხოლო რეგიონალური განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს შეცვლის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^