სასწავლო წელი ზამთრის არდადეგების ხარჯზე 36 კვირამდე გახანგრძლივდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ამ ცვლილებით სასწავლო გეგმა საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოდის.
თამარ სანიკიძე ჟურნალისტებს ეროვნული სასწავლო განვითარების გეგმაში სხვა ცვლილებების შესახებაც ესაუბრა: „დაწყებით საფეხურზე პირველ პლანზე წამოიწია წაკითხულის შინაარსის გააზრებამ, ანალიტიკურმა აზროვნებამ. საერთაშორისო კვლევებმა ამ კონკრეტული მიმართულებით ჩავარდნები აჩვენა, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ დაბალი კლასებიდან. შემდეგ საბაზო საფეხურზე ასეთი დამატებითი საათები დაეთმობა პროფორიენტაციას და კარიერის დაგეგმვას, რომელიც ასევე მოიცავს ექსკურსიებს საწარმოებში, სხვადასხვა კომპანიაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აბიტურის საათი, რომელიც გაურკვეველი და მოუქნელი იყო, გახდება საჭიროებებზე მორგებული და სკოლა გადაწყვეტს, რომელ საგანში იქნება საჭირო ასეთი დამატებითი საათების ჩატარება".
მინისტრის თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა 2013 წლიდან სკოლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაინერგა.
.