„ვერანაირად ვერ დავეთანხმები დამოკიდებულებას, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რადგან არის რიგი მედიკამენტებისა, რომელზეც ფასები იკლებს ან პირიქით, იზრდება, ამიტომ რამდენიმე მედიკამენტის საფუძველზე მსჯელობა და მტკიცება, რომ ფასმა იმატა, შეუძლებელია“, - უთხრა „ლიბერალს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაჭარაშვილმა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მტკიცებით, მაისის შემდეგ რამდენიმე მედიკამენტი 10%-ით გაძვირდა. ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს ორი ქვითარი წარუდგინა. ერთში 25 მაისს შეძენილი მედიკამენტების ფასია, ასახული, მეორეში კი იმავე მედიკამენტების ფასი 18 აგვისტოს მდგომარეობით არის წარმოდგენილი.
ჭიაბერაშვილი მედიკამენტების გაძვირებას ახალი წესის შემოღებას უკავშირებს, რომლის თანახმად, პირველი სექტემბრიდან მე-2 ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიყიდება.
„ასეთი შოკური თერაპიით გადასვლა იმ მდგომარეობაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, ჩვენი მოქალაქეების მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა. მოქალაქეები აფთიაქებს იმ ელემენტარული, ბაზისური მედიკამენტების შესაძენად „მიაწყდნენ", რომელსაც ხშირად იყენებენ, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
დავით მაჭარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებასა და ფასების ზრდას შორის კავშირს უარყოფს. „ჭიაბერაშვილის მიერ წარმოდგენილ ქვითარში ასახული 15 მედიკამენტიდან, პირველი სექტემბრიდან, რეცეპტით მხოლოდ 4 გაიცემა", - ამბობს მაჭარაშვილი.