დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად დაკარგული ორი პირიდან ერთი საქართველოს, ერთი კი თურქეთის მოქალაქეა, - აცხადებს ყაზბეგის გამგებელი გივი ქირიკაშვილი. მისი თქმით, ორივე მათგანი „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა.
გამგებლის ინფორმაციით, გზის გაწმენდა დაწყებულია და მდინარის კალაპოტში გადაყვანად სამუშაოები მიმდინარეობს.
დარიალში რისკების შესასწავლად გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდროლოგებისა და გეოლოგების ჯგუფი იმყოფება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები დაათვალიერეს.
სტიქიის ადგილზე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებიან. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. მისივე თქმით, საბაჟოს გაწმენდა დღეიდან დაიწყება.
წუხელ დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ჩამოწვა. დარიალში მეწყერი 17 მაისსაც ჩამოწვა.