
ღვარცოფი დევდორაკის მყინვარზე 17 მაისს მყინვარული მასების ჩამოქცევისას დაგროვებული ნაშალი მასალის მოწყვეტამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ერთბაშად მოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.
საბჭოს განცხადებით, აშენებულია დამბა, რომელიც წყლის ნაკადის შეჩერებას და გზის დაცვას უზრუნველყოფს. მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი. სიტუაციის შესწავლის მიზნით, ადგილზე დამატებითი სეისმური სადგური დამონტაჟდა.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, ამალი-დევდორაკის ხეობაში განთავსებული ადრეული შეტყობინების საგუშაგოების საშუალებით დროული რეაგირება მოხერხდა. განცხადების თანახმად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის შესაბამისი მონაკვეთი გადაკეტა და ავტომანქანებისგან გაათავისუფლა.
განცხადების თანახმად, წინასწარი შეფასებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია, ისევე, როგორც საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ამასთან, დაზიანებულია მშენებარე ჰესი. დაზიანების მასშტაბი დგინდება.
„გუშინვე პრემიერ-მინისტრის დავალებით მოხდა მობილიზება. ადგილზე შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა მინისტრები და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იმყოფებიან. ამ დროისთვის ორი პირის ადგილსამყოფელი უცნობია. სტიქიის დროს ერთი საქართველოსა და მეორე თურქეთის მოქალაქე მშენებარე ჰესის ტექნიკურ გვირაბში იმყოფებოდნენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ მყისიერად დაიწყება, რაც გვირაბში წყლის დონე დაიკლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ ამალი-დევდორაკის ხეობისა და დარიალის ხეობის შესართავში, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა.