გლდანის საცურაო აუზისა და თბილისის სპორტის სასახლის საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა, „ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, ორივე დაწესებულება თბილისის მერიის შპს-ებს წარმოადგენს. გრძელიშვილის თქმით, საგამოძიებო სამსახურს შემოწმების თხოვნით თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, მიმართა.
„ფინანსური დოკუმენტების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერიას ეჭვი გაუჩნდა, რომ აღნიშნულ კომპანიებს დარღვევები აქვს“, - აღნიშნა გიორგი გრძელიშვილმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მითვისება, გაფლანგვასა და გადასახადებისაგან თავის არიდებას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიაზე დაქვემდებარებულ 13 ორგანიზაციაშია შესული.