
იახტა, რომლითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდა, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.
საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის, ცნობით, ამის შესახებ საელჩოს კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებიდან შეატყობინეს.
„საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსის, დიმიტრი კაპაკიდისის ინფორმაციით, გუშინ, 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე, იმყოფებოდნენ. სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხრიდან შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი. გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი, სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მოწოდებული ინფორმაცია", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.