Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაბეგრილი ქველმოქმედება

06 სექტემბერი, 2014 15:08

წელიწად-ნახევრის წინ შექმნილმა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ თავის თავდაპირველ მიზანს უმოკლეს ვადაში მიაღწია და ბენეფიციარისთვის 150 ათასი ევროს შეგროვება მოახერხა. გადარიცხვის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ფონდი იყენებს, სატელეფონო სერვისია, რომლის მეშვეობითაც, საქველმოქმედო ნომერზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე ფონდის ანგარიშზე 1 ლარი ირიცხება. ამის საპირისპიროდ, ფონდის დამაარსებელი და დირექტორი კახა ჯანაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩარიცხული თანხის დიდი ნაწილი ფონდის ბენეფიციარებს არ ხმარდება, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის.

ჯანაშვილის თქმით, ნომერზე თითოეული ზარის  შედეგად გადარიცხული 1 ლარიდან თანხის მოზრდილი ნაწილი მობილურ კომპანიებს რჩებათ. კახა ჯანაშვილი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კომპანიების - „ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ მიმართ გამოთქვამს. ფონდს „ჯეოსელის“ შემთხვევაში თითოეულ ზარზე 1 ლარიდან, მხოლოდ 54 თეთრი, „მაგთკომის“ შემთხვევაში კი  - 60 თეთრი რჩება.  

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის დამაარსებელი კომპანია „ბილაინსა“ და „სილქნეტთან“ თანამშრომლობით შედარებით კმაყოფილია (რამდენადაც პირველი მათგანი 25-ს, ხოლო მეორე 30 თეთრს იტოვებს), მაინც მიაჩნია, რომ ქველმოქმედების მიმართ კომპანიების დამოკიდებულება არამართებულია.

კახა ჯანაშვილის თქმით, ხშირად, კომპანიები ქველმოქმედებას „საკუთარი პიარისთვისაც“ იყენებენ - მასშტაბური ღონისძიებების დროს აცხადებენ, რომ ფონდს თანხას სწირავენ, თუმცა რეალურად არა შემოწირულობა, არამედ იმ კუთვნილი თანხის დაბრუნებაა, რომელიც ფონდმა მოიპოვა; ასეთი ფაქტები კი მაშინ ხდება, როდესაც ღონისძიება მასშტაბურია და ტელევიზიით შუქდება.

„საბედნიეროდ, საქართველოში ბევრ ადამიანს ადარდებს დაავადებული ბავშვების ბედი, რასაც ვერ ვიტყვი ამ მონსტრ კომპანიებზე. ეს ამათთვის სუფთა ბიზნესია. არ შეიძლება სხვის უბედურებაზე რეკლამა გაიკეთო“, - ამბობს ჯანაშვილი.

ფონდის დამაარსებელი მიიჩნევს, რომ ქველმოქმედება არ უნდა იბეგრებოდეს. ამდენად, ამ საქმეში ბრალეული არა მხოლოდ მობილური კომპანიები, არამედ სახელმწიფოცაა. კერძოდ, „ჯეოსელის“ შემთხვევაში, კომპანიას თითოეული ერთი ლარიდან 23 თეთრი რჩება, რადგან დანარჩენ 23 თეთრს  გადასახადის სახით სახელმწიფოს უხდის.

საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ მობილური კომპანიების დამოკიდებულების გასაგებად, „ლიბერალი“ კომპანია „ჯეოსელს“ დაუკავშირდა, რომლისგანაც შემდეგი ოფიციალური წერილი მიიღო:

„საქველმოქმედო ფონდისთვის გაცემულ მოკლე ნომრებზე ჯეოსელი თითოეულ ზარზე ფონდს ურიცხავს (და არა აჭრის) 54 თეთრს. რაც შეეხება დარჩენილ თანხას: დღგ-ს და აქციზი-ს სახით, კომპანია იხდის 23 თეთრს, რაც წამოადგენს კომპანიის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას გადაიხადოს სახელმწიფო გადასახადები მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლიდან, ხოლო მომსახურებისთვის კი, დანარჩენი კომერციული პირებისაგან განსხვავებით, კომპანია იტოვებს 23 თეთრს (კომერციული, არასაქველმოქმედო ორგანიზაციების შემთხვევაში ჯეოსელის მომსახურების საფასური შეადგენს 38 თეთრს და შესაბამისად, ასეთ ორგანიზაციებს თითოეული შემოსული ზარიდან ერიცხებათ 38 თეთრი).  

საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ბიზნესის განთავისუფლებას გადასახადებისაგან. თუმცა, როგორც ვიცით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა, რათა შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილებები კანონში, რასაც ჩვენი კომპანია დადებითად აფასებს.

რაც შეეხება კომპანიის შიდა პოლიტიკას ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვაწარმოოთ სწორი და გამჭირვალე ბიზნესპროცესები და დავიცვათ სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის პრინციპები, ჩვენი მიდგომა საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ არის და იქნება ერთნაირი და არადისკრიმინაციული, მაგრამ ამისთვის ასეთმა ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ კანონით დადგენილი გზა საქველმოქმედო ორგანიზაციის/ფონდის სტატუსის მოსაპოვებლად და აქ გამონაკლისების დაშვებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას, რაც არის ოფიციალური დასტური იმისა, რომ მისი მფლობელი არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

როგორც ვიცით, ახლო მომავალში „დიტო ცინცაძის სახელობის“ ფონდს მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, რაც საშუალებას მოგვცემს, მომავალში მაქსიმალურად გამჭვირვალედ ვაწარმოოთ ფონდთან თანადგომა და საქველმოქმედო საქმიანობა.

ჩვენ გვქონია შეხვედრა აღნიშნული ფონდის საქმიანობაში ჩამბულ პირებთან და ვთვლით, რომ უდაოდ ძალიან საჭირო და კეთილ საქმეს ემსახურება მათი ინიციატივა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მათი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქველმოქმედების კუთხით კანონში ცვლილებების შეტანის ინიცირების კუთხით, რაც ჩვენთვისაც მისასალმებელი ფაქტია“.

სატელეფონო ტარიფების მიმართ უკმაყოფილებას კიდევ ერთი ორგანიზაცია, Wehelp.ge გამოთქვამს, რომელაც ბოლო დროს საქველმოქმედო კამპანია „ყინულიანი წყლის გადასხმის აქციის“ საქართველოში პოპულარიზაციით გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის თანადამფუძნებელ და დირექტორ ბორის კიკნაძის თქმით, სატელეფონი ზარის მეშვეობით თანხის მიღების სერვისზე Wehelp.ge-მ უარი თქვა, რადგან თითოეული ზარიდან მობილური კომპანიები ძალიან დიდ თანხას იტოვებდნენ.

კიკნაძე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის შესახებ საუბრისას (რაც სახელმწიფოსგან შეღავათიანი პირობების მისაღებად აუცილებელია) იმ პირებზე აკეთებს აქცენტს, ვინც საქველმოქმედო ნომრებს ფონდებისგან დამოუკიდებლად არეგისტრირებენ.

„იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მიიღოს საქველმოქმედო ფონდის სტატუსი, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება ამ სფეროში. საჭიროების მქონე ინდივიდი ვერ დაიცდის ერთ წელს მხოლოდ იმისათვის, რომ მისმა ანგარიშმა ფონდის სტატუსი მიიღოს. მისთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია“, - ამბობს კიკნაძე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის უცნობია, სატელეფონო კომპანიებს საქველმოქმედო ზარებით რა რაოდენობის მოგება რჩებათ. კომისიას ეს საკითხი არ შეუსწავლია.

კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სატელეფონო კომპანიებს საქველმოქმედო ორგანიზაციების მომსახურებისთვის ზედა ზღვრული ტარიფი დაწესებული არა აქვთ, თუმცა, მისივე თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მოცემულია ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მომსახურების ცნება, რომელიც თავის თავში მოგებასაც გულისხმობს, მაგრამ ეს მოგება მთლიანი თანხის ადეკვატური უნდა იყოს.

„1 ლარიდან 10% არის აქციზის გადასახადი, რომელსაც კომპანია იხდის ბიუჯეტში. 18% დღგ-ს გადასახადია, დარჩენილი თანხიდან კი რეალურად 18 თეთრი რჩება კომპანიას. ამ 18 თეთრიდან ის ორ მომსახურებას ეწევა: ერთი არის სატელეფონო ზარის განხორციელება, ანუ ზარის წამოწყება და მეორე - თანხის ამოღების მომსახურება“, - ამბობს ხატია ყურაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^