თბილისში განხორციელებულ რამდენიმე რეიდთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმ წესებსა და პროცედურებს ავრცელებს, სადაც სამართალდამცავებისა და მოქალაქეების უფლებებია განმარტებული. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
აქვს თუ არა პოლიციას რეიდის მოწყობის უფლება?
პოლიციას უფლება აქვს საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; აღნიშნული რეიდები შეიძლება მოეწყოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით.
რა შემთხვევაში აქვს პოლიციელს მოქალაქის შეჩერების უფლება?
პირის შეჩერება პოლიციელის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გონივრული ეჭვი(1) მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
რას ითვალისწინებს პირის შეჩერება?
შეჩერება გულისხმობს პირთან კომუნიკაციის დამყარებას, მის იდენტიფიცირებასა და გამოკითხვას, რაც არ ითვალისწინებს პოლიციელის უფლებას გადაიყვანოს პირი დახურულ სივრცეში (პოლიციის განყოფილებაში, ან აიძულოს მანქანაში ჩაჯდომა).
რა უნდა იცოდეთ თუ მოხდა თქვენი შეჩერება?
პოლიციელის ვალდებულებები: პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება.
რამდენი ხნით შეუძლია პოლიციას თქვენი შეჩერება?
შეჩერება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია გონივრული ეჭვის დადასტურებისთვის ან გამორიცხვისთვის ანუ მკაცრად უნდა შემოიფარგლოს იმ დროით, რაც აბსოლუტურად აუცილებელია გონივრული ეჭვის შესამოწმებლად. შეჩერებული პირი უნდა გათავისუფლდეს მაშინვე, როგორც კი შეჩერების საფუძველი წყვეტს არსებობას - გონივრული ეჭვის გაქარწყლებისთანავე.
შეუძლია თუ არა პოლიციას აწარმოოს თქვენი და თქვენი პირადი ნივთების დათვარიელება/შემოწმება?
პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. ზედაპირული შემოწმების მიზანია პოლიციის უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისად აღნიშნული შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს თუ პოლიციელის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
რით შემოიფარგლება ზედაპირული შემოწმება?
ზედაპირული შემოწმება შეიძლება განხორციელდეს როგორც ტანსაცმელზე ხელის შეხებით, ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ზედაპირულ შემოწმებად ვერ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც მოითხოვს ტანსაცმლის ვიზუალურად უხილავი ნაწილის გამოჩენას ან ტანსაცმლის გახდას.
მოიცავს თუ არა ზედაპირული შემოწმება ჩხრეკას?
ზედაპირული შემოწმება არ მოიცავს ჩხრეკას(2). ეს უკანასკნელი შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების საფუძველზე(3).
რა შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩხრეკის ჩატარებამდე?
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ, რომ ჩხრეკას დაესწროს არა უმეტეს ორი დამსწრისა ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების ფაქტის, მისი მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად. ასევე, უფლებამოსილი ხართ დამსწრის მოსაწვევად მოგეცეთ გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 1 საათისა(4).
რა შეგიძლიათ გააკეთოთ თუ თქვენი უფლებები დაირღვა?
იმ შემთხვევაში თუ პოლიციელი აჭარაბებს ან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზის ნომერია 126).
გაქვთ თუ არა უფლება სასამართლოში გაასაჩივროთ პოლიცილის კანონსაწინააღმდეგო ქმედება?
თუ თქვენი შეჩერება პოლიციის მიერ მოხდა კანონის მოთხოვნების დარღვევით, უფლებამოსილი ხართ შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, შეჩერების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროთ შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის. შეჩერების კანონიერებასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი პოლიციელს დაეკისრება.
(1) გონივრული ეჭვი - პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ეჭვის წარმოქმნა ისეთ ფაქტს ან გარემოებას უნდა ემყარებოდეს, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს.
(2) ჩხრეკა - დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ასევე ძებნილი ან გვამი.
(3) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, პოლიციელს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე.
(4) ჩხრეკისა და ამოღების დამსწრის გარეშე ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე.