ჩემთვის მთავარი კონკურენტი დღეს არის სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკური გაჭირვება და უმუშევრობა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს.
„გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა ამხელა სპეკულაციის საგანი. მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს, მიემგზავრებოდა თუ არა იგი გაეროში. მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და გზავნის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი გაეროში წასვლის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მქონდა სამზადისი გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, მქონდა მოლაპარაკებები და ვარ გაეროში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. მე მოვისმინე დამაბნეველი განცხადებები სხვადასხვა პიროვნებისგან, თითქოს გაეროს ასამბლეა არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი, იმის მიხედვით, როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სახელმწიფო. დღეს მე მხოლოდ ვფიქრობ იმ საქმეებზე, გაჭირვებასა და პრობლემებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი მოსახლეობა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური განვითარებაა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პრემიებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე და განაცხადა, რომ მაღალი პრემიების გაცემა მთავრობის რეალური შეცდომა იყო.
„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ჩვენი მთავრობის და მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ რამე სხვა შეცდომა ამ ორი წლის განმავლობაში არ გვაქვს. ეს პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში და ინერციით გაგრძელდა. ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ. ჩვენ ეს გამოვასწორეთ, მოვაწესრიგეთ, პრემიების გაცემის სისტემა ჩამოვაყალიბეთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება მსგავსი სიტუაცია," - განმარტა პრემიერმა.