
პარტიზანმა მებაღეებმა და ჭოველიძის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა დღეს ქუჩის ბოლოში, ფერდობზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. ამ მშენებლობას პარტიზანები ზაფხულიდან ეწინააღმდეგებიან - მას მერე, რაც მუშებმა შემოღობილ ადგილზე სამშენებლო ტექნიკით კლდის ნაწილის მოჭრა დაიწყეს.
დღეს პარტიზანებმა მშენებლობისკენ მიმავალი გზა ქოთანში ჩარგული ყვავილებით გადაკეტეს და სატვირთო მანქანებს ამ გზაზე შესვლისა და გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით კი იქ შეკრებილი ბავშვებისთვის ხმამაღლა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ხაზარულა“ წაიკითხეს.
პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ამბობს, რომ ჭოველიძის ქუჩის ბოლოს მდებარე მთის ფერდს 2012 წლამდე სარეკრეაციო ზონის სტატუსი იცავდა.
„2012 წელს ამ ადგილს სტატუსი მოეხსნა და 2013 წელს უკვე გაიცა 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლება. 2014 წლის ივნისში კი მშენებლობა და კლდის ჭრა დაიწყო“, - ამბობს ფერაძე.
პარტიზანი მებაღე განმარტავს, რომ ჭოველიძის ქუჩის პერპენდიკულარულად კორპუსის აშენება ამ უბნის აირაციას შეაკავებს.
„არქიტექტორები და ქალაქმგეგმარებლები გვეუბნებიან, რომ ამ ტიპის მშენებლობა დაუშვებელია. მთის ფერდობზე, მარტობულად შენობის ჩადგმა არ შეიძლება. თანაც ეს ძველი თბილისის რაიონია და აქ მხოლოდ 4-სართულიანი შენობის დადგმა იყო ნებადართული. მიმდებარე ტერიტორიაზე სულ პატარა სახლებია, იქ კი აშენდება შვიდსართულიანი შენობა თავისი გალავანით. ამხელა ინფრასტრუქტურას ეს ადგილი ვერც გაუძლებს“, - დასძენს ნატა ფერაძე.
პარტიზანი მებაღე იმასაც იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ მთის მოწყვეტილმა მასამ ბენზინგასამართი სადგური დაანგრია. რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მეწყერსაშიშროების გამო კი ეს მშენებლობა კიდევ უფრო მიუღებელია.
პარტიზანებმა მერიის არქიტექტურის სამსახურს, მერიის იურიდიულ სამსახურს, საკრებულოსა და მთაწმინდის უბნის დეპუტატს ოფიციალური განცხადებებით უკვე მიმართეს. ისინი ქალაქის ახალი ხელმძღვანელობისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და ტერიტორიებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული რეკრეაციული სტატუსების აღდგენას მოითხოვენ.
დღეს დილით ჭოველიძის ქუჩაზე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი მივიდნენ, ისინი პარტიზანებს დაჰპირდნენ რომ ამ საკითხს განიხილავენ. დღეს 5 საათზე საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაც იმართება, რომელსაც პარტიზანი მებაღეებიც დაესწრებიან.
„მაგრამ სანამ ეს განხილვები ჩატარდება და მერე შედეგს გამოიღებს, მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და ჩვენ გვიწევს ფიზიკურად დავიცვათ ეს ტერიტორია. დღეს უკვე მეშვიდედ თუ მერვედ. მოდის პატრული, რომელიც სერიოზულად გვემუქრება ჯარიმებით, ტერიტორიიდან გაყვანით. ამიტომ როგორც ვაკის პარკში იყო, გვინდა მეტმა ხალხმა გაიგოს, რომ რაც აქ ხდება, ქალაქისთვის ცუდია“, - ამბობს ფერაძე.
მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს შპს. „ნირან პროპერტის დეველოპმენტი“ აშენებს. ნებართვა მერიის აქიტექტურის სამსახურმა გასცა. მშენებლობის მიმდებარედ განთავსებული ბანერის მიხედვით, შენობის მოცულობა დაახლოებით 20981 კუბური მეტრი იქნება. კომპანიის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მშენებლობის ყველანაირი კანონიერი უფლება აქვთ.