თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს, რომელსაც ყბის ძვალთან ახლოს ეშვები აქვს მოტეხილი, ოპერაციას ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგი პეტერ კესტერი ჩაუტარებს.
ორგანიზმში ანთებითი კერის მუდმივად არსებობამ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში სპილოს სიკვდილი გამოიწვიოს, რის გამოც, ოპერაციის გზით მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია, ამიტომ ოპერაციისთვის თბილისში ჩამოვა EAZA-ს წარმომადგენელი მარიო ჰოედმეკერი, თბილისის ზოოპარკის ზედამხედველი და მენტორი. ოპერაციას დაესწრებიან ერევნის ზოოპარკის წარმომადგენლებიც.
18 წლის აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 12 ივნისს ჩამოიყვანეს.