ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების უზრუნველსაყოფად თბილისში ამოქმედდა მობილური ჯგუფები, ასევე დღისა და ღამის ცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გამოვლენის შემდეგ მათ და მათ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების სოციალურ და ბავშვთა დაცვის მომსახურებებში ჩართვას.
აღნიშნულ მომსახურებებს ითვალისწინებს ორწლიანი პროგრამა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დაარსდა ჯანდაცვისა და სოციალური ფონდი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროების ხარჯებს დაფარავს.
„ინიციატივის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან „განათლების მეორე შანსის“ პროგრამის უზრუნველსაყოფად იმ ბავშვებისთვის, ვისაც არასოდეს უვლია სკოლაში ან მიატოვა სწავლა. პროგრამა საშუალებას მისცემს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, იარონ სკოლაში და დაეწიონ სასწავლო პროცესს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ დრომდე დახმარება გაეწია 350 ბავშვს თბილისში. ნოემბერში პროგრამა ამოქმედდება ქუთაისში, სადაც დაარსდება ერთი მობილური ჯგუფი და დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრი.
UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს, არის სიღარიბე. საქართველოში 50 ათასი ბავშვი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და დღეში 2 ლარს მოიხმარს. ოჯახური ძალადობა, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება და დისფუნქციური ოჯახებიც უწყობს ხელს ბავშვების ქუჩაში გასვლას. სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს სიღარიბის საკითხი და გაძლიერდეს არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იქნას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებები,“ - ამბობს გრაუმანი.