უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მოსკოვში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
აქციები სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებშიც მოეწყო, ლოზუნგებით - „უარი ომს“ და „ნუ გვატყუებთ“.
მოსკოვის პოლიციის განცხადებით, კვირას აქციაზე 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა Associated Press-ს რეპორტიორის ცნობით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 20 000-მდე იყო.
მსვლელობა პუშკინის სკვერში დაიწყო და დემონსტრანტები სახაროვის გამზირისკენ გაემართნენ.
პოლიციამ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე უმნიშვნელო დაპირისპირება მოხდა.
დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ხუთი თვის წინ დაწყებული შეტაკებების შემდეგ ომის საწინააღმდეგო ეს აქცია ყველაზე მასშტაბურია.
მოსკოვში პრორუსული სეპარატისტების მხარდამჭერებმაც გამართეს აქცია.
უკრაინა რუსეთს აღმოსავლეთში აჯანყებულთა შეიარაღებასა და საზღვართან რუსი ჯარისკაცების გაგზავნაში სდებს ბრალს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
აპრილიდან მოყოლებული შეტაკებაში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 5 სექტემბერს დაიდო, თუმცა იგი მრავალჯერ დაირღვა.